weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარლამენტთან აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს

17:49 შაბათი, 28 ნოემბერი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი - ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე დააკავეს. მათი დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ელენე ხოშტარია და აქციის სხვა მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა მხარეს განთავსებულ დროებით რკინის კედელზე საპროტესტო წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ.

„აბსოლუტურად უმიზეზოდ დააკავეს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ დროებით კედელზე წერდა, მე ვიყავი. სხვას არავის მოუკიდია ხელი. ერთ-ერთი დაკავებული 20 ივნისს თვალდაკარგული ადამიანის, ლეთოდიანის შვილია, რომელმაც მეორე თვალი აფხაზეთში დაკარგა. გრძელდება რესპრესიები იმ ადამიანების წინააღდეგ, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის იბრძვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

ხოშტარიას თქით, მათ კონსტიტუციური უფლება ჰქონდათ პროტესტი გამოეხატათ. 

„სამარცხვინო რამ მითხრა პოლიციელმა - როგორც კი დაიშლებით, დაკავებულებს გამოვუშვებთო“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის გოგა მემანიშვილის განცხადებით, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და ისინი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში არიან გადაყვანილნი.

სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების პროტესტი კარასინი-აბაშიძის გუშინდელ შეხვედრას უკავშირდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე „დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ცნობილი ანტირულული პროვკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. 

„ველით, რომ რუსოფობიული რიტორიკა, რომელიც რადიკალურმა წრეებმა აქტიურად გამოიყენეს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, წარსულში დარჩება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები გამოიყენებენ ამომრჩევლისგან მიღებულ ნდობის მანდატს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების ხელშეწყობისთვის“, – აცხადებს რუსული მხარე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის ნახსენები, რომ შეხვედრაზე საუბარი 2019 წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა და ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა.

„ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ ყოფილა. ასეთი ორმხრივი მზაობა ამ თემასთან დაკავშირებით არ ყოფილა და 2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია“, – განაცხადა აბაშიძემ.

2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოშიც რუსეთის დუმის დეპუტატი და ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და იქიდან მიმართა დელეგატებს. ამ ფაქტმა საზოგადოების პროტესტი და მრავალათასიანი აქცია გამოიწვია. დემონსტრანტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა მოითხოვეს.

20 ივნისის ღამეს, გავრილოვის გამო პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის დასაშლელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, დაზიანებებით საავადმყოფოებში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა. დაშავდა 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]