weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქართული მხარე რუსეთს მოუწოდებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს

20:54 შაბათი, 28 ნოემბერი 2020
ფოტოზე - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფოტოზე - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც ქართული მხარის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე 2019 წლის ივნისის მოვლენები არ განხილულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 27 ნოემბერს, ვიდეო-ტელე ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრესისთვის მომზადებული ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც „შესაძლოა ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას“.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა „კოვიდ 19“ ვაქცინის საკითხი, ისევე როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მით უმეტეს არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ფორმატის პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას. 

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი. 

შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსული მხარის თანახმად კი, კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე „დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი ცნობილი ანტირულული პროვკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. 

„ველით, რომ რუსოფობიული რიტორიკა, რომელიც რადიკალურმა წრეებმა აქტიურად გამოიყენეს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, წარსულში დარჩება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალები გამოიყენებენ ამომრჩევლისგან მიღებულ ნდობის მანდატს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების ხელშეწყობისთვის“, – აცხადებს რუსული მხარე.

ამ განცხადების გავრცელების შემდეგ პოლიტიკოსება და სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ აბაშიძემ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა, კარასინთან ერთად დაგმო 20 ივნისის მოვლენები.

„დაგმო როგორც ანტირუსული პროვოკაცია და რუსეთი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ ეს ხელისუფლება აღმოფხვრის მსგავს ანტირუსულ განწყობებს საქართველოში“, – თქვა ხოშტარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]