weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩია

15:57 პარასკევი, 11 დეკემბერი 2020

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ 86 ხმით არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ. თალაკავაძე ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო.

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტისადმი მიმართვის დროს განაცხადა, ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.

„საქართველომ არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, კონკურენტულ გარემოში, ფუნდამეტური უფლებების დაცვით ჩატარდა. პანდემიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. 2020 წლის არჩევნებმა შექმნა მრავალპარტიული პარლამენტის, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის, არგუმენტებზე და არა შეურაცხყოფაზე დაფუძნებული ოპონიერების, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა და ეს მიღწევა ოპოზიციის ერთი ნაწლის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. დემოკრატია არის მონაწილეობა და მისი ბოიკოტირება დაუშვებელია. გაცილებით დემოკრატიულია ბრძოლა და მოლაპარაკების წარმოება პარლამენტის შიგნით, ვიდრე სხვა საშუალებების გამოყენება პარლამენტის გარეთ.

პასუხისმგებლიანმა, მომავალზე ორიენტირებულმა პოლიტიკოსებმა უნდა მოვძებნოთ შეთანხმების შესაძლებლობა, სათანადოდ დავაფასოთ ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოხატული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მეგობარი ელჩების ძალისხმევა პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად.

ყველამ პატივი უნდა სცეს არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც 2 მილიონამდე მოქალაქის გადაწყვეტილებას ასახავს და საარჩევნო ადმინისტრაციის ათასობით მოხელის, ასევე, ხაზგასმით ვამბობ, ოპოზიციური პარტიების 11 ათასზე მეტი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერით არის დადასტურებული. გთხოვთ, ამ საზოგადოებრივ მანდატს განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ. ჩვენი საქმიანობა წარვმართოთ მოქალაქეებისადმი დიდი პასუხისმგებლობით და მთლი ამ პერიოდის მანძილზე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ საზოგადოებასთან პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა. პარლამენტში 90 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ეყოლება, ხოლო 60 მანდატი ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომლითაც ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და ითხოვენ საარჩევნო სიების გაუქმებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]