weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კალაძის თქმით, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინას აჩუქებს

09:41 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტო გუშინ, დასახლებაში შენობების ნგრევის პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა, ბინას აჩუქებს.

კალაძის თქმით, მამა-შვილის, როგორც მსხვერპლის, ფოტოს ტყუილის ტირაჟირებისთვის ავრცელებდნენ და ამისთვის ბავშვიც გამოიყენეს.

„მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს. ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. 

გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის. 

ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გუშინ, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ინსპექციის განცხადებით, ნაგებობები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ იყო აშენებული და დემონტაჟი კანონის შესაბამისად, მერიის დავალებით ხორციელდებოდა.

ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ერთს კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. მათივე თქმით, არჩევნებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მიწების და ფართების დაკანონებას პირდებოდნენ.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, როდესაც ადამიანებს საცხოვრებელ სახლებს უნგრევენ, უნდა მოხდეს შეფასება, რჩებიან თუ არა ისინი საცხოვრებლის გარეშე, მით უმეტეს, როდესაც დემონტაჟი ზამთარში, პანდემიის დროს ხდება.

„აუცილებელი იყო, რომ მერიას თითოეული ოჯახის სოციალური მდგომარეობა შეეფასებინა და შეეთავაზებინა შესაბამისი სოციალური დახმარებები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

დღის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები. კალაძის თქმით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. როგორც ის ამბობს, შენობების მეპატრონეებს მუნიციპალურმა ინსპექციამ წერილობით მიმართა და უკანონო მშენებლობის დემონტაჟი მოსთხოვა, თუმცა მათ მოთხოვნა არ შეასრულეს.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ მშენებარე შენობა-ნაგებობებში, არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე არის დატაცებული მიწები, უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები, სადაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები ცხოვრობენ და ამ სახლებს, ამ ადამიანებს არავინ შეხებია. ამას ვამბობს სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]