weather cur horoscope tv
მარტი 30, 2024

სამწუხაროდ, პარლამენტს ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია – გიორგი გახარია

14:55 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

„2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

გახარიას თქმით, „ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა – როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს“.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე.

პირველ რიგში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ”, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე, განვახორციელოთ სრულად, რამეთუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაც არის 4 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის და ეს განაცხადი უნდა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული. ამ განაცხადის დასაბუთებულობა ნიშნავს რამდენიმე განზომილებაში ქვეყნის სერიოზულ განვითარებას – დემოკრატიზაციის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი შედგა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება და გაიმართება თუ არა მეხუთე რაუნდი.

ოპოზიციიდან მანდატებზე უარი 54-მა დეპუტატმა საკუთარი განცხადებით თქვა. დღეს ცნობილი გახდა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას აპირებს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრი ავთანდილ ენუქიძე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]