weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შეიძლება არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე – ლომჯარია წულუკიანზე

22:44 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არ ჰყავს. ამის შესახებ წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადა.

თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის აპარატი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მისი წარმომადგენლები კანონპროექტის განხილვას არ ესწრებოდნენ.

„არ ვიცი, რამდენად გვესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ გვესწრება, რადგან მგონია, სახალხო დამცველი ამ ქვეყანაში არ გვყავს. ეს ამნისტიის პროექტი მრავალი წლის შემდეგ არის პირველი კანონპროექტი, რომელიც უშუალოდ ეხება პატიმრებს. შესაბამისად, მინდა, მის აპარატს მოვუწოდო, იურიდიული კომიტეტის სხდომებს მაინც დაესწრონ და ამ მაღალი ტრიბუნიდან გააგონონ თავიანთი ხმა იმათ, ვისთვისაც უნდა მუშაობდნენ. ესენი არიან, პირველ რიგში, უვადო პატიმრები და ზოგადად, პატიმრები. მე არ უნდა მიწევდეს, თუმცა ეს ჩემთვის დიდი პატივია, ამ მოწყვლად ჯგუფზე ვსაუბრობდე. ეს, პირველ რიგში, მათი საქმეა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის მოწოდებას შეუერთდა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. მისი თქმით, კანონპროექტზე მსჯელობის პროცესში სახალხო დამცველის აპარატის მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

ნინო ლომჯარიას კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს სოციალური ქსელში გამოეხმაურა. ის განმარტავს, რომ „ამნისტია პოლიტიკური აქტია და სახალხო დამცველი ვერ იტყვის, რომელ მუხლს უნდა შეეხოს“.

„იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ქ-ნ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:

  • ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!
  • ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, „პატიმრებზე მზრუნველი“ მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შეეხება. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაახლოებით 800 ადამიანი იქნება, ვისაც უშუალოდ შეეხება ამნისტია, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან. მისივე თქმით, ამ მსჯავრდებულთაგან 680-მდე პირი სასჯელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისათვის იხდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]