weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

შევდივართ პარლამენტში, რომ ოპონირება გავუწიოთ მმართველ პარტიას – ფრიდონ ინჯია

14:45 სამშაბათი, 05 იანვარი 2021

„სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადგილი ქუჩაში არაა. ვისაც ამისი მანდატი აქვს, უნდა იყოს პარლამენტში“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომლის დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა დღეს სცნო.

ფრიდონ ინჯიას თქმით, ის და „პატრიოტთა ალიანსის“ სიის კიდევ სამი წევრი - გელა მიქაძე, დავით ზილფიმიანი და ავთანდილ ენუქიძე - პატივს სცემენ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას და პარლამენტში შედიან იმისთვის, რომ ოპონირება გაუწიონ მმართველ პარტიას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა, შევცვალოთ მათი გადაწყვეტილება, მაგრამ

გვჯერა, რომ ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული, არგუმენტირებული დასკვნებით და ამასთანავე, მოურიდებელი, მმართველი პარტიის მიმართ მწვავე კრიტიკით, შევძლებთ, გავლენა მოვახდინოთ პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე.

მწვავე კრიტიკასთან ერთად, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, რომლებიც, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ეს არის ქვეყნის სტაბილურობა, ერთიანობა, დემოკრატია ადამიანის უფლებების დაცვა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, დიპლომატიით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ქუჩაში დარჩენა მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურთ.

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და ახალ პარტიას - „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნებს.

„თქვენ იქნებით მოწმეები, თუ როგორი სამაგალითო პარტია გვექნება. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გვაქვს - გამოცდილება და ქვეყნის სიყვარული.

ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი საარჩევნო კოდექსისა და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“, – აღნიშნა დეპუტატმა.

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება სცნო. დადგენილების პროექტებს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირეს მხარი, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ 4 მანდატი მოიპოვა. პარტიის საარჩევნო სიის პირველმა სამმა წევრმა - ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადეს. სწორედ მათი ადგილმონაცვლეები არიან ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და დავით ზილფიმიანი. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე წევრს, ავთანდილ ენუქიძეს, მას მანდატზე უარი არ უთქვამს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]