weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აფხაზეთისთვის საქართველოსგან დახმარება მიუღებელია – ლევ კვიცინია

17:04 შაბათი, 09 იანვარი 2021

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას განცხადებით, აფხაზეთისთვის საქართველოსგან დახმარება მიუღებელია და ამის თაობაზე მოლაპარაკებები არც ყოფილა. 

„თქვენგან პირველად მესმის, რომ საქართველო რაღაც დახმარებას გვთავაზობს. ჩვენთვის საქართველოსგან დახმარება მიუღებელია, ამიტომ ეს ტყუილია. არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი მცდელობა არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ქართველებთან ჩვენ კონტაქტი არ გვქონია“, – განაცხადა ლევ კვიცინიამ გამოცემა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, აფხაზეთს ხანძრების ჩაქრობაში დახმარებისთვის არც რუსეთისთვის მიუმართავს, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს და ჯერჯერობით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

„გასაგები რომ იყოს, განვმარტავ: ავიაციის ერთი დღით მუშაობა დაახლოებით 50 ტონა საწვავია, ასეთი რაოდენობის საწვავი ჩვენ არ გვაქვს, ეს შეუძლებელია. ყველაფერი რაც ვერტმფრენს უკავშირდება, ჩვენი ქვეყნისთვის აბსოლუტურად მიუწვდომელი ხარჯებია“, – განაცხადა კვიცინიამ.

როგორც ის ამბობს, ხანძრების გამო პანიკის საფუძველი არ არსებობს და დღეს საღამოს, ამინდის პროგნოზის მიხედვით, წვიმაა მოსალოდნელი.

რამდენიმე დღეა აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში ტყისა და მინდვრების ხანძრებია. განსაკუთრებით რთული ვითარება გაგრაშია, სადაც ხანძარი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ტყის მასივშია. დღეს ხანძარმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გუშინ განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აცნობა დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ მზად იყო ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება აღმოეჩინა, მათ შორის, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საშუალებით.

„დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენ ხელთ არსებული არხისა და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე ვიმყოფებით და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროცესში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]