weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოპოზიცია ივანიშვილის გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობისგან გაქცევად აფასებს

14:48 ორშაბათი, 11 იანვარი 2021
ფოტოზე - ხატია დეკანოიძე ფოტოზე - ხატია დეკანოიძე

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან ბიძინა ივანიშვილის გადადგომას და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლობად აფასებენ.

„პოლიტიკური, ეკონომიკური და კორონა კრიზისის ფონზე, გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ დასავლეთიდან მომდინარეობს, თავმჯდომარის წასვლა უფრო გაქცევას გავს, ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის.

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება და დღევანდელი გადაწვეტილებით ის ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს.

„სადაც არ უნდა გადააფორმოს თავისი ქონება, სადაც არ უნდა წავიდეს, რა დეკლარაციაც არ უნდა გააკეთოს, როგორი საჯარო წერილებიც არ უნდა დაწეროს, მთელი პასუხისმგებლობა მიტაცებულ ქვეყანაზე ეკისრება მას და დაეკისრება მას, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ მილიარდერი და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი რჩება ქვეყანას, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადასხდელად. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც შენი მმართველობის დროს პრაქტიკულად ორნახევარჯერ დევალვირდა ეროვნული ვალუტა, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააღარიბა და უბედურ დღეში ჩააგდო. უკიდურესი უპასუხისმგებლობა და სისუსტეა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და როდესაც პასუხისმგებლობა შენზე და შენ მიერ მოყვანილ ადამიანებზეა“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი გაავრცელა, სადაც ივანიშვილი წერს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, პოლიტიკიდან მიდის და „სრულად ჩამოსცილდება“ მართვის სადავეებს. როგორც ივანშვილი ამბობს, მისი მისია შესრულებულია და „ქართული ოცნების“ გუნდს შეუძლია მისი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]