weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

5G ინტერნეტის განვითარებაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

10:51 პარასკევი, 15 იანვარი 2021

საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი საქართველოში ახალი ტექნოლოგიის - მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების განვითარების შესახებ. მთავრობის ინფორმაციით, შესაძლებელი იქნება ისეთი აპლიკაციების შექმნა, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად და ინოვაციების განსავითარებლად იქნება გამოყენებული, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, მეხუთე თაობის (5G) ინტერნეტის განვითარება ქვეყნისთვის ახალი შესაძლებლობაა. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც უმაღლესი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს.

„ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს მომსახურებას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ. ახალი ტექნოლოგია იძლევა მომსახურების სფეროს დახვეწისა და ახალი სერვისების გაჩენის შესაძლებლობას, რაც ადამიანების ცხოვრებას გაამარტივებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, არის ჯანდაცვის სფერო. ინოვაციური ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო სერვისები.

ასევე, ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ინოვაციური ტექნოლოგია განათლების სისტემას დისტანციური სწავლების ეფექტიანობის გაზრდის საშუალებას აძლევს.

5G-ის ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაშიც. მისი საშუალებით მიწათმოქმედების დანადგარების ავტონომიურ რეჟიმში მოქმედებაა შესაძლებელი, მაგალითად, მიწის შემოწმება ვიდეოსენსორის გამოყენებით, რათა განისაზღვროს, კონკრეტულად სად არის საჭირო სასუქისა და პესტიციდის გამოყენება.

მეხუთე თაობის ტექნოლოგიას იყენებენ გარემოს დაცვის მონიტორინგის მიმართულებითაც. მსოფლიოში არსებობს სპეციალური მინისადგურები, რომლებიც ზომავენ ჰაერში სხვადასხვა ელემენტის არსებობას. შესაბამისი ინფორმაცია ახალი ქსელის მეშვეობით მყისიერად გადაეცემა მეტეოსადგურს/ლაბორატორიას.

ახალი თაობის ტექნოლოგია ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას სახელმწიფო სერვისები ელექტრონულ სისტემაზე გადაიყვანონ და გაამარტივონ სერვისებზე წვდომა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.

ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა განსაზღვრულია სულ მცირე სამ მუნიციპალიტეტში.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოსა და აშშ-ს შორის მეხუთე თაობის ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით საქართველო შეუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]