weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

„ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას დამოუკიდებლად ვაგრძელებთ – იოსელიანი

22:20 პარასკევი, 22 იანვარი 2021 hits 153

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ დღეს არაფერი გადაწყვეტილა და მოლაპარაკება გაგრძელდება.

როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, ყველაზე მძიმე საკითხი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა, რადგან „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მათ არსებობას არ აღიარებს.

„მე და ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების“ სახელით ვიყავით მოსულები რათა გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა „ქართული ოცნებას“ სერიოზული მზაობა იმ ოთხ საკითხთან დაკავშრებით და იყო თუ არა მზად წასულიყო კომპრომისებზე, რადგან მეოთხე რაუნდის შემდეგ გავიდა ძალიან დიდი დრო და მეხუთე რაუნდის პერსპექტივა ჰაერში გამოეკიდა.

ოთხივე პუნქტზე ვიმსჯელეთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე საკითხი იყო პოლიტპატიმრების საკითხი. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ მე და ლევანი ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდით, ძალიან პრინციპულად ვაყენებდით, თუმცა „ქართული ოცნება“ უბრალოდ არც აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას. ძალიან მძიმედ არის ეს საქმე.

ჩვენ აქ საბოლოო შეთანხმებამდე არ მოვსულვართ, მოვედით პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად.

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა „ქართული ოცნების“, რომ დათმობებზე წავიდეს, ახლაც დადასტურდა კომპრომისის მზაობა. რამდენიმე საკითხი რჩება შეუთანხმებელი და როცა შევთანხმდებით, მაშინ გეტყვით.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“ – შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც თუ დაამტკიცებს 1-პროცენტიან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე დანიშნონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ წელს გასამართი თვითმმართველობის არჩევნები პლებისციტის ჩასატარებლად იქნეს გამოყენებული, თუმცა ამაზეც „პოზიციები დაშორებულია“.

ამასთან, როგორც „მოქალაქეების“ ლიდერმა აღნიშნა, შეთანხმების ნაწილი იქნება ის, რომ შემდეგი არჩევნები ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მონაწილეობით ვერ ჩატარდება.

ლევან იოსელიანის განცხადებით, „მოქალაქეებმა“ დასრულა დანარჩენ ოპოზიციასთან „კინკლაობაც“ და შეხვედრებიც.

„ჩვენ ვერ შევძელით დაგვერწმუნებინა ისინი ჩვენი პოზიციის სისწორეში, რომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მოლაპარაკებას მათგან დამოუკიდებლად. თუ ჩვენ არ მოვაწერთ ხელს შეთანხმებას, პარლამენტში შემოსვლა გამორიცხულია“, – განაცხადა იოსელიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]