weather cur horoscope tv
თებერვალი 27, 2021

საქართველომ აჩვენა მიზნისადმი ერთგულება, დროა NATO-მ გამოიჩინოს მეტი გამბედაობა – ზურაბიშვილი

01:31 შაბათი, 23 იანვარი 2021 hits 125

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 22 იანვარს, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების მიზნის მიმართ ერთგულება აჩვენა და დროა, ალიანსმა მეტი სოლიდარობა და გამბედაობა გამოიჩინოს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო აფასებს მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ორიენტაციის მიმართ ნატო-სა და სხვა პარტნიორების მუდმივ მხარდაჭერას.

„ამ თანამშრომლობის დამსახურებით საქართველომ განაგრძო თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, სტანდარტებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განვითარება, რომლებიც მას წევრობისათვის ამზადებს.

როგორც ვიხილეთ 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ტერიტორიაზე ნატო-ს განგრძობად წვრთნებს, ასევე, ნატოს გაზრდილ წარმომადგენლობითობას შავ ზღვასა და პორტებში, ჩვენ ვაფასებთ სოლიდარობის მნიშვნელობას ნატო-ს მისიებში მონაწილეობითა და კოლექტიური უსაფრთხოების ტვირთის აღებით. 

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა და საქმიანობა და ამავდროულად, გამოვხატოთ მადლიერება ჩვენი ქვეყნის მისწრაფებების მიმართ ნდობისთვის. ამის დემონსტრირება განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტია (SNGP), რაც ჩვენი თანამშრომლობის საფეხურის ამაღლების ღირებული ინსტრუმენტია და რომელიც უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზეა მორგებული.

თუმცა, ჩვენ მეტი გვესაჭიროება! ჩვენ გვჯერა, რომ გათვალისწინებული იქნება „NATO 2030 – United for New Era“ ანგარიშის რეკომენდაციები. საქართველომ აჩვენა თავისი საბოლოო მიზნის მიმართ ერთგულება და ამ გზაზე ახალი გამოწვევებისადმი სიმტკიცე. მოვიდა დრო ალიანსმა გამოიჩინოს მეტი სოლიდარობა და გამბედაობა!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რეგიონში ძალთა ახალი კონფიგურაცია აჩვენებს, რომ შავი ზღვა და კავკასია, როგორც არასდროს, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხდება და ნატო-ს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება და წარმომადგენლობითობა უნდა მიიპყროს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]