weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნიკა მელია დააკავეს

09:29 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცდანიშნულების რაზმმა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. პოლიტიკოსის დასაკავებლად სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა. შენობაში შესაღწევად გამოიყენეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის კიბეები, შენობაში შესვლის შემდეგ კი ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

„ეს არის რეჟიმის დასასრული. ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად; როგორც არასოდეს, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში და ძალიან მაგრად მჯერა, რომ ამ კადრებს როდესაც ნახავენ ჩვენი შვილები, მათ შორის, ჩემი 6 წლის შვილი, როდესაც გაიზრდება, იამაყებს საკუთარი მამით და საკუთარი მამის მეგობრებით“, – განაცხადა მელიამ დაკავებამდე.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას.

ნიკა მელია განჩინების გამოცხადების დროს პარტიის ცენტრალურ ოფისში მხარდამჭერებთან და სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა. მას მიაჩნია, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებდა პარტიის ოფისის დატოვებას და პოლიციისთვის ჩაბარებას.

18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

გახარიას გადადგომის დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილს და მის მთავრობას ნდობა პარლამენტმა გუშინ გამოუცხადა. საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი მთავრობის პრიორიტეტი ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება იქნებოდა.

პროკურატურა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა დეკემბრის ბოლოს ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ, 2021 წლის 12 თებერვალს, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]