weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

უნდა ვიპოვოთ შერიგების გასაღები – დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე

23:05 სამშაბათი, 02 მარტი 2021 hits 2161
ფოტოზე - ბენურ კვირაია ფოტოზე - ბენურ კვირაია

ომი უნდა დამთავრდეს. მე, ჩემი მხრივ, ვაღიარებ, რომ ეს ნეგატივი კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენ უნდა გავჩერდეთ იმ დამანგრეველ ადგილზე, სადაც ახლა ვართ, ეს ბრძოლის ველი უნდა გავათავისუფლოთ. ისინი ჩვენი მეზობლები, ჩვენი ნათესავები, ჩვენი ძმები არიან. ათასწლეულების განმავლობაში მათთან ერთად ვიყავით და ახლა უნდა ვიპოვოთ შერიგების გასაღები და ძმობას დავუბრუნდეთ“, – ამბობს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ბენურ კვირაია ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ვიდეოს მიხედვით, ბენურ კვირაია თავისი ქართველი მეგობრის, ბულგარეთში მცხოვრები ავტომრბოლელის, დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს სვამს.

ვიდეოს გავრცელებას წინ უძღოდა სკანდალი, რომელიც ბენურ კვირაიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიზიტს უკავშირდება. დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციამ განაცხადა, რომ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე 25 თებერვალს, ქართულ მხარესთან ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის, საქართველოში გაემგზავრა. სოხუმის ცენტრში დაახლოებით 200 ადამიანიც შეიკრიბა და კვირაიას ეს საქციელი გააპროტესტა.

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბენურ კვირაია უკვე აღარ არის ასლან ბჟანიას თანაშემწე – 19 თებერვალს მან უფლებამოსილება მოიხსნა და „მისთვის არავის მიუცია დავალება საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წარმოების თაობაზე“.

ბენურ კვირაიამ განმარტება ტელეარხ „აფსუასთან“ გააკეთა და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურდა. როგორც ის ამბობს, ეს კერძო ვიზიტი იყო, რომელიც მიზნად ინვესტიციების მოზიდვას ისახავს.

„მე პრეზიდენტთან ვიყავი 18 თებერვალს და ვთხოვე, რომ საქართველოში გავეშვი, მაგრამ მან მითხრა - სანამ ხართ ჩემი შტატგარეშე თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, გიკრძალავთ საქართველოში წასვლას. მე ვუთხარი, რომ მჭირდებოდა ძალების გაერთიანება იქ, რადგან საქართველოში ხალხი ჩამოდიოდა, აქ ჩამოსვლა არ შეუძლიათ. იქ უნდა ჩავიდე და მოველაპარაკო, იქ წასვლა მჭირდება მეთქი – ვუთხარი. არავითარ შემთხვევაშიო. 19 თებერვალს უფლებამოსილება მოვიხსენი.

საქართველოში ვიმყოფებოდი როგორც კერძო პირი. ვიყავი თბილისში, შევხვდი ბიზნესმენებს და ველაპარაკე თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქ თავისუფლად უნდა შემოვიტანოთ ინვესტიციები.

საქართველოს კანონმდებლობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას არ გვაძლევს. პირველი საკითხი, რომელზეც მათთან ერთად ვილაპარაკე, იყო ის, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე - თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მომდინარე ინვესტიციები (დასავლეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან) არ დაიბლოკოს და არ მოხვდნენ სანქციების ქვეშ“, – განაცხადა ბენურ კვირაიამ.

მისივე თქმით, ის პოლიტიკაში არ არის, ეკონომიკაშია და უნდა, რომ აფხაზეთში დიდი ფული შეიტანოს, რათა ამოვიდნენ იმ სიღარიბიდან, სადაც ახლა არიან.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი უკვე იმყოფებოდა საქართველოში და იქ მიიღო სამედიცინო დახმარება. მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი.

ამისთვის ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, ამის გამო გავიმარჯვეთ ომში და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დადგეს ფეხზე“, – განაცხადა ბენურ კვირაიამ.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელსაც ეკონომიკაზე ესაუბრა, ევროპის ჩემპიონია, ცნობილია მთელ საქართველოსა და ევროპაში: „ის სოხუმელია. ომში იბრძოდა თუ არა, ეს არ შემისწავლია. ეკონომიკაზე ვესაუბრები. მე ვიბრძოდი მის წინააღმდეგ, მე გამარჯვებული ვარ. მითხარით, მე, გამარჯვებულს, რატომ არ მაქვს უფლება დამარცხებულ მხარეს დაველაპარაკო? ხომ არ ვამბობ, რომ ის აფხაზეთში მომყავს“.

გავრცელებული ინფორმაციით, ბენურ კვირაიას საკითხს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები ხვალ, 3 მარტს, სპეციალურ შეხვედრაზე განიხილავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]