weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვწუხვარ, რომ ჟურნალისტმა შეძლო ჩემი მწყობრიდან გამოყვანა – მესტიის მერი

00:11 კვირა, 07 მარტი 2021

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტმა მწყობრიდან გამოიყვანა.

„ვწუხვარ, რომ ემა გოგოხიამ მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ მაინც შეძლო ჩემი მწყობრიდან გამოყვანა. ვფიქრობდი ნანახი და გამოცდილი მქონდა „მთავარი არხის“ ყველა ბინძური და უღირსი მეთოდი, მაგრამ როდესაც ტელეფონზე მითხრეს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემი და ემა გოგოხიას თავდასხმის შემდეგ, ვერ შევძელი თავის გაკონტროლება.

ემა გოგოხია ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სამზარეულოში შეუვარდა ჩემს დას, ექვსი შვილის დედას და ბავშვების თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანი, მისი ხელმძღვანელი ყოფილი პროკურორის დავალებით, მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავს“,განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მესტიის მერი ჟურნალისტის მიმართ მუქარას და მისთვის თანხის შეთავაზებას უარყოფს.

„განვმარტავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან განსხვავებით, ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა და მუქარა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ ადამიანებს ჰუმანურობისკენ მოვუწოდო, ხოლო მუქარა და ამ მუქარის ასრულების სიმძიმე, საკუთარ თავზე მრავალჯერ გამოვცადე. ნამდვილად არ ვუსურვებ არცერთ ჟურნალისტს და არც ემა გოგოხიას, ნახოს და საკუთარ თავზე გამოსცადოს ის, რაც მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. რაც შეეხება თანხის შეთავაზებას, არის ძალიან დიდი სისულელე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა“, – ამბობს მესტიის მერი.

6 მარტს, ღამით, მესტიაში, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას ავტომობილი დაუზიანეს ოთხივე საბურავი დანით დაჭრეს. ჟურნალისტის განცხადებით, ის დღის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე რეპორტაჟს ამზადებდა. კვლევის მიხედვით, მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის დის, თეა ჟორჟოლიანის სასტუმრომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში, 2019 წლის მაისში, სუბსიდიის სახით 58 905 ლარი მიიღო. გარდა ამისა, ორგანიზაციის მტკიცებით, თეა ჟორჟოლიანს 2014 წლიდან დღემდე 125 354 ლარის ღირებულების 28 გამარტივებული შესყიდვა (სასტუმროს და კვების მომსახურება) აქვს მიღებული.

ემა გოგოხია ამბობს, რომ თეა ჟორჟოლიანთან მისვლის შემდეგ, კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაურეკა და დაემუქრა.

„ის ამ მუქარის დროს აკონკრეტებდა – ამ სიუჟეტით შენს მოსაკლავ დანას იჩხრიკავ და სვანური სამართლით უნდა გაგისწორდეთ, სხვანაირად სვანეთს ვერ მოშორდები. ახსენებდა ტელევიზიასაც – თქვენ ისეთები ხართ, არ გიყვართ საქართველო და ა.შ. აგრესიას და მუქარას გამოხატავდა. ამავდროულად, იყო საუბარი – გადაგიხდი ფულს და დატოვე საქართველო, არასდროს მოხვიდე სვანეთში. ეს იყო მისი წინადადება, თან მუქარანარევი - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სიკვდილს, ამას ცუდი შედეგი ექნება შენთვის. ასეთი მუქარის შემცველი ზარი სამჯერ განხორციელდა. ამის შემდეგ მოვედით ანი ჩართოლანის სახლში. კომენდანტის საათის პერიოდში მანქანას საბურავები დაუჭრეს“, – განაცხადა ემა გოგოხიამ და აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მესტიის მერი დაემუქრა.

მომხდარს გამოეხმაურა კაპიტონ ჟორჟოლიანის მეუღლეც, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ყოფილი თანამშრომელია. Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნინა ხატისკაცი წერს, რომ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით ორგანიზაციის კვლევაში აბსურდული ბრალდებებია.

„წლების მანძილზე ამავე ორგანიზაციაში ზუსტად კორუფციის საკითხებზე ვმუშაობდი და ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდების მოსმენა ჩემი ქმრის მიმართ. ამიტომ საჭიროდ ვთვლი, განმარტება გავაკეთო ამ აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

კახას დას და მის მეუღლეს ოლეგ კახიანს ათწლეულებია აქვთ საოჯახო სასტუმრო „უშბა“, რომლის შექმნას და განვითარებას დიდი დრო დაუთმეს. პარალელურად ისინი ახალ, საკმაოდ მაღალი სტანდარტის სასტუმროს აშენებენ. ამ მიზნით მათ საბანკო კრედიტი აქვთ აღებული, რომლის პროცენტსაც ფარავს სახელმწიფო სუბსიდია პირველი სამი წლის განმავლობაში. ეს არ არის კონკურსი, რომ ან გაემარჯვათ ან არა. გრანტს სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ იღებს ყველა ის ბენეფიციარი, რომელიც გარკვეული ზომის სასტუმროს აშენებს, აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტებს და ბანკიდან სესხის დამტკიცებასაც ახერხებენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო როგორღაც ამტკიცებს, რომ ეს არის კორუფცია და თითქოს კახამ მოაპოვებინა ეს სუბსიდია თავის დას. 

დარწმუნებული ვარ, ამ მექანიზმის შესახებ კარგად არის ცნობილი ორგანიზაციისთვის და ზუსტად ამის გამოა გასაკვირი, რომ კორუფციის ნიშნებს ხედავენ ამ ნაწილში“, – წერს ნინა ხატისკაცი.

მისივე თქმით, ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში მეუღლის აგრესიას არ ამართლებს და მიიჩნევს, რომ „ქალის, ჟურნალისტის და ზოგადად მოქალაქის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ძალადობაა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც მუქარას და ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]