weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალა ერთად დგომაშია – პრეზიდენტი

13:46 პარასკევი, 09 აპრილი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალთან მივიდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გმირების პატივისცემა მათ საფლავებზე ტიტების მიტანით არ გამოიხატება და ამაზე მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ იმ სულისკვეთებას, რომელიც მათ თავისუფლების მიმართ გამოიჩინეს.

„9 აპრილს დაღუპული გმირების პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ ჩვენ პატივს ვცემთ 9 აპრილის სულისკვეთებას და ეს არის ერთიანობა, ეს არის სიდინჯე, ეს არის ბოლომდე შეგნება თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. ამიტომ, გთხოვთ, რომ სიჩუმით, სიდინჯით ყველამ ერთად და ერთიანობით პატივი ვცეთ ამ დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

9 აპრილს პრეზიდენტი გამოეხმაურა პარლამენტშიც, სადაც ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა იმარჯვებს მაშინ, როცა ერთად ვართ და არა მაშინ, როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორეს მოსაზრებები. ზურაბიშვილის თქმით, 9 აპრილი ამის დასტურიცაა.

„არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია.

ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა გავლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე მრავალპარტიულობა ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება და თუ არა ეს, სულ ცოტა გაგება მაინც და მუდამ ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად პარტიულ, თუ სხვა ინტერესებზე მაღლა დაყენება. დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორიულ გამოცდილებებს უნდა ენდოს და ეს გზა მონახოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს 32 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევიდან. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]