weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

„ევროპული საქართველო“ თარგამაძემ, თარხნიშვილმა და გაბაშვილმაც დატოვეს

15:14 შაბათი, 10 აპრილი 2021

პარტია „ევროპული საქართველო“ გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმაც დატოვეს. საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მათ სოციალური ქსელით გაავრცელეს.

გივი თარგამაძის პარტიიდან წასვლის მიზეზიც „ევროპული საქართველოს“ განახლების საკითხს უკავშირდება.

„ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც. 2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განახლების, ახალი ძალების მოკრების მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია“, – აცხადებს თარგამაძე.

ლევან თარხნიშვილიც ამბობს, რომ პარტიის მომავალზე მისი და ზოგიერთების წარმოადგენა ერთმანეთს არ დაემთხვა.

„შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას, ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩეჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად“, – წერს ლევან თარხნიშვილი.

გოკა გაბაშვილი აპირებს, რომ საქმიანობა უპარტიო სტატუსით გააგრძელოს.

დღევანდელ ყრილობაზე „ევროპული საქართველოს“ ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. მანამდე პარტია დატოვეს დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, რომლებიც თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის თანამდებობებს იკავებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ პარტიის ლიდერების გუნდი მთლიან განახლებას საჭიროებდა.

„განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს – დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლის და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებში და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში. სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება – რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას – მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]