weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გიგი უგულავა მხარს უჭერს, რომ ოპოზიციამ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს

12:40 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

„წარმოუდგენელია, ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია - ციხეში“, – ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში, რომელსაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი დოკუმენტის შესახებ ავრცელებს.

გიგი უგულავას თქმით, ის მხარს უჭერს, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტოს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს.

„ხელმოწერა არმოწერა - საკითხავი აი, ეს არის. არსებობს მომენტი, როცა უნდა იგრძნო, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. ქართულმა ოპოზიციამ დიდი რამ შეძლო. მან ბოიკოტით ქვეყნის ივანიშვილის უკანა ეზოდ გადაქცევის საფრთხე გააცამტვერა. „ოცნებას“ ეგონა, რომ პანდემიის პირობებში არავინ ამ აღვირახსნილ, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ყურადღებას არ მიაქცევდა. ის მწარედ შეცდა. მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ქვეყანა არაა დატოვებული გონიერებისგან დაცლილი ოლიგარქის და მისი ყურმოჭრილი ამალის ამარა. სწორედ ეს იძლევა სამომავლოდ შეშლილი ოლიგარქის მოშორების იმედს. ახლა ჯერი ჩვენზეა. რამდენად ვიქნებით გამბედავები და საკუთარი სიტყვის მძევლობაში არ აღმოვჩნდებით.

ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო“, – აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის.

„ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ. ასეთი, ჩემის აზრით, უნდა იყოს: ოპოზიციის ხედვა და გეგმა. ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - რიგგარეშე სრულად პროპორციული საპარლმენტო არჩევნები.

ჩვენ ხშირად გვავიწყდება და მარტო რიგგარეშე არჩევნებს ვახსენებთ. არადა ჩვენი მიზანი რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნებია. შეგახსენებთ, მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები 120/30 პრინციპით ჩატარდება და ვერავინ გადამარწმუნებს, რომ იგივე შეცდომებისგან ვიქნებით დაზღვეული. ისევ ამ 30 მაჟორიტარში ავიბლანდებით, - ამ ივანიშვილის მიერ ჩატოვებულ ბოროტებაში. ეს კატეგორიულად დაუშვებელია“, – აღნიშნავს უგულავა და ოპოზიციას მიზნის მისაღწევად ორსაფეხურიან გეგმას სთავაზობს.

პირევლი საფეხურის თანახმად, 2024-მდე ჩატარებული ყველა რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით. ამისთვის ოპოზიცია შეწყვეტს საპარლამენტო ბოიკოტს, შევა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების მხარდასაჭერად.

მეორე საფეხურზე ოპოზიციას დიდ ქალაქებში მერობის ერთიანი კანდიდატები უნდა წარადგინოს და საკრებულოებში კოალიციური თანამშრომლობით „ქართული ოცნება“ დაამარცხოს.

„მხოლოდ პროპორციულ ნაწილში „ოცნების“ 43%-ს ქვემოთ დატოვება, სწორი თანამშრომლობის პირობებში, სრულიად რეალისტური ამოცანაა, რაც, შეთანხმების მიხედვით, რიგგარეშე, პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს“, – აღნიშნავს უგულავა.

მისივე თქმით, ასე უნდა ჩატარდეს 2022 წლის გაზაფხულზე სრულად პროპორციული რიგგარეშე მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები.

„ასეთ პირობებში 15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული კანდიდატების {თბილისის მერობის კანდიდატის} ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად. ოპოზიცია მიიღებს ახალ სიცოცხლეს. ადგილებზე ბევრგან გავიმარჯვებთ. სადაც ვერა - ოპოზიცია მძლავრად იქნება წარმოდგენილი. იგრძნობს გამარჯვების გემოს, დაიჯერებს გამარჯვებას. გაუჩნდება წვდომა ინფორმაციაზე, რესურსებზე. მიიღებს გამარჯვებისთვის აუცილებელ ჟანგბადს. დაამტკიცებს რომ შეუძლია კოალიციური მუშაობა და წელგამართული გავა საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ყველა ერთად საქართველოს გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – აღნიშნავას გიგი უგულავა.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მთელი წნეხი მასზე იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]