weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოკუპირებული გალიდან გადმოსვლას საქართველოს ყველა მოქალაქე ისევ ვერ ახერხებს

15:35 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმების მიუხედავად, აფხაზური მხარე ე.წ. საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს კვლავ დაბრკოლებას უქმნის და მრავალშვილიანი ოჯახების, სოციალურად დაუცველების, შშმ და სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირების გარდა არავის ატარებს.

დღეიდან, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი სრულად გაუქმდა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული ყველა მოქალაქისთვის. მათ მხოლოდ კოვიდ-ტესტირების გავლა მოეთხოვებათ.

ე.წ. საზღვარზე არსებულ პრობლემაზე ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „აფხაზური ამბები“ ავრცელებს.

„ოკუპირებულ გალში ადამიანები „საზღვრის“ გახსნას ელოდებიან. ამ ეტაპზე მხოლოდ პენსიონერები და მრავალშვილიანები გადმოდიან, სხვებს კი აფხაზებმა უთხრეს, რომ ბრძანებას ელოდებიან და უნდა დაელოდონ პასუხს“, – ნათქვამია „აფხაზური ამბების“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს გაერთიანება „ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან“ და აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ენგურის ხიდის გახნას მხოლოდ გალის მცხოვრებთათვის განიხილავს და სავარაუდოდ, გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩება ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ საკითხე ოფიციალური განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, დე ფაქტო მთავრობამ 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა ენგურის ხიდზე მოწყობილი ე.წ. გამშვები პუნქტი და საბერიო-ფახულანის გადასასვლელიც. მას შემდეგ ენგურის ხიდი რამდენჯერმე გაიხსნა, რომ აფხაზეთში მცხოვრებნი, რომლებიც პანდემიის დროს მდინარის მეორე მხარეს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩარჩნენ, უკან დაბრუნებულიყვნენ.

2021 წლის 11 თებერვლიდან აფხაზეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გავლით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება მიეცათ, თუმცა, ისინი ვალდებულები იყვნენ, საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი კარანტინი გაევლოთ. 14 აპრილს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ვალდებულება გაქუმდა, ამას კი წინ უძღოდა 6 აპრილს, გალიდან ზუგდიდში ფარულად გადმოსვლისას, მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქის დახრჩობა. ისინი ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]