weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

გოგაშვილი „ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაზე“ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

14:48 პარასკევი, 23 აპრილი 2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი, რომელმაც 2021 წლის თებერვალში ორგანიზაცია „კავკასიის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრი“ დააფუძნა, აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის საქმე თითქმის გამოძიებულია და ის ან უნდა დაიხუროს, ან პასუხისგებაში უნდა მიეცნენ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

როგორც სოსო გოგაშვილი ამბობს, სწორედ ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელშიც 18 ადამიანი იყო გაწევრიანებული და რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა.

„ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე შეკრულია და აკინძულია ეს საქმე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას შეუძლიათ დამიკავშირდნენ, ხელმძღვანელებმა იციან ჩემი ტელეფონის ნომერი, თვითონ თუ არ ახსოვთ ეს საქმე, ვეტყვი რომელ ოთახში, რომელ თაროზე დევს. ამიტომ გადმოიღონ ეს საქმე, პიჯაკებზე და 26 მაისს უფლებამოსილების გადამეტებაზე კი არ უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული, არამედ ტერორისტული ორგანიზაციის შექმნაზე.

შევახსენებ ამ საქმეს პროკურატურასაც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. შეუძლიათ ეს საქმე ხვალიდანვე დახურონ მტკიცებულებების არქონის გამო, ან არადა პასუხისმგებლობაში მისცენ ადამიანები, რომლებიც არიან ამ ჯგუფის შექმნის ორგანიზატორები. ეს საქმე გადის სააკაშვილზე და ვანო მერაბიშვილზე, იმიტომ, რომ მაშინ ერთი პრეზიდენტი იყო, მეორე პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა იოსებ გოგაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, საქმე ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ აღიძრა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრი ბაჩო ახალაია იყო. როგორც გოგაშვილი ამბობს, ახალაიამ ტერორისტული ორგანიზაციის შემნასთან სააკაშვილისა და მებრაბიშვილის კავშირის შესახებ არ იცოდა.

„შემდეგ ამ გამოძების პროცესში გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები. არ გამომიყვანოთ ბაჩო ახალაიას ადვოკატად, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა - იმ ადამიანმა არ იცოდა ამ ჯგუფის შესახებ. მან აღძრა საქმე ფაქტზე და შემდეგ ამ გამოძიების პროცესში გამოიკვეთა უკვე სხვადასხვა მიმართულებებზე, კონკრეტული ადამიანების დაკითხვის შედეგად, მათ შორის თანამშრომლების, მოქალაქეების დაკითხვის შედეგად ის, რომ ეს იყო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წვრთნას გადიოდა მოდულის შენობაში და რომლის უკან იდგა ეს ორი ადამიანი. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა იცოდეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმაც, რომ ეს ადამიანები ამ პროცესებში იყვნენ ჩართულები. რომელ მოლაპარაკებებზეა საუბარი, რა განცხადებებზე, რა პოლიტიკურ მოწოდებებზე“, – განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, ლაფანყურის სპეცოპერაციას გადარჩენილ 9 ტერორისტს იმავე გზით დაატოვებინეს ქვეყანა, რა გზითაც 2017 წელს, ქვეყანაში მალულად შემოვიდა საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ჩატაევი.

„მე გეტყვით, საიდან გადმოვიდა ახმედ ჩატაევი, გადმოვიდა იმ ზონიდან, რომელი ზონიდანაც 2012 წელს გააპარეს ლაფანყურში გადარჩენილი 9 ტერორისტი, ეს არის კირნათი-მარადიდის მონაკვეთი, რომელიც ფაქტობრივად უკონტროლო ტერიტორიაა. ადრეც ვხსნიდი - როდესაც განწესი გაივლის მას, აქვს რაღაც პერიოდი დროის უკან დასაბრუნებლად. ამ პერიოდში უცებ გადაირბენს კანონდამრღვევი, სანამ ის უკან მოვა (დაახლოებით 30 წუთი 40 წუთი შეიძლება მოუნდეს განწესს) და ამ პერიოდში გადმოდიან ჩვეულებრივად იქიდან. ძალიან ბევრი დაუკავებია სასაზღვრო პოლიციაც, პასუხისგებაში მიუცია, ბევრიც ვერ დაუკავებია, მაგრამ ნაფეხურებზეც კი საქმე აღძრულა“, – განაცხადა გოგაშვილმა.

როგორც გოგაშვილი ამბობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე სცადეს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნის საქმის გააქტიურება, თუმცა ის „სადღაც კორიდორებში ეკარგებოდათ“.

როგორ ფიქრობთ ქართული ოცნებარომ მოვიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან 40 000 კაცი გაუშვა და 40 000 აქტივისტი მოიყვანა და დანიშნა? იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მერაბიშვილის და წინა მინისტრების დროსაც. ვერ მოხერხდა მათი ჩამოშორება, ადვილად შეუძლიათ მათ, როგორც პროკურატურაში და საგამოძიებო უწყებებში, გაჭანურება, გაფუჭება საქმის.

ჩვენ რამდენჯერმე დავიწყეთ ამ საქმის წამოწევა, გააქტიურება და სადღაც კორიდორებში გვეკარგებოდა საქმე და ამ პერიოდის განმავლობაში ერთი საქმე ხო არ იყო მხოლოდ, არა? იყო ძალიან ბევრი საქმე, ბევრი გამოწვევა ქვეყანაში, ამიტომ ესე ჯიუტად ამ საქმეს რომ მიწოლოდა და სხვა არაფერი ეკეთებინა, ესე ვერ მოხერხდა. მინუსი არის, ვაღიარებ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე თუ ჩემს დროს ეს ვერ შევძელი, აგერ ხომ არის პოლიტიკური ნება და აგერ ვახმაურებ ამ საქმეს და ვიძახი და ვამბობ, რომ ეს საქმე არის გამყოფი ხაზი. ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას და დაუსვავს წერტილს. ან სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ან იმ „ნაცმოძრაობის“ წევრებს არ აინტერესებთ? იქნებ ტყუილს ვიძახი და გამოვდივარ იმიტომ, რომ გავპიარდე, ჩემი ორგანიზაციის ლოგო მაქვს აგერ, უკან და ვაპიარებ. არ ვიტყუები, ადამიანებო“, – განაცხადა გოგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას.

როგორც იოსებ გოგაშვილი ამბობს, ამ საქმეზე ახლა იმის გამო ალაპარაკდა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი აქტიურად არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და „კიდევ მოილტვიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად“.

„ამიტომ ვუსვამ ხაზს, ამიტომ გეუბნებით, რომ დღეს კიდევ ხდება უკრაინაში თავმოყრა ტერორისტების“, – განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, არავინ იცნის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, მისი წევრების გარკვეული ნაწილი სად არის, გარდაცვლილები არიან ისინი თუ არა.  

იოსებ (სოსო) გოგაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე 2015-2018 წლებში იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ ის „ქართულ ოცნებაში“ მუშაობდა. 2020 წელს გოგაშვილი პარტიიდანაც წავიდა და მალევე განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაოდ ზეპარტიული ორგანიზაციის დაფუძნებას გეგმავდა. იოსებ გოგაშვილის სახელი დაკავშირებულია 2017 წლის დეკემბრის ბოლოს პანკსის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. მოკლული მაჩალიკაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ სპეცოპერაციას სუს-ის უფროსის მოადგილე ხელმძღვანელობდა, გოგაშვილი ამას უარყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]