weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

18:01 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2.5%-იანი წილის მფლობელი, მსჯავრდებული გიორგი რურუა შეიწყალა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტს მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

„ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების დროს გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რადგან მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. რურუას საქმეზე რეაგირების ვალდებულება შევიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მომზადბულ შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც პარტიებმა ხელი 19-20 აპრილს მოაწერეს.

19 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებდა, თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეთანხმებას შეასრულებდნენ და პარლამენტში შევიდოდნენ. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რურუას შეწყალებით საკუთარ თავს გადააბიჯა და ქვეყნის ინტერესები პირად შეხედულებებსა და პრინციპებზე მაღლა დააყენა. ზურაბიშვილის თქმით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის და არცერთი ნიშნით არ ჯდება შეწყალების რომელიმე კატეგორიაში.

სამართალდამცავებმა რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს, 2020 წლის 30 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]