weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

შევთანხმდით, რომ დიალოგი დაჩქარდება – ღარიბაშვილი დავით გარეჯის საკითხზე

18:51 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021 hits 252

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, ბაქოში შეხვედრის დროს დავით გარეჯის საკითხიც განიხილეს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მათ შორის, ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც. შევეხეთ ამ საკითხს, ბუნებრივია.

შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობა და მეგობრობას შეეფერება. კომისიები მალე გააგრძელებენ მუშაობას და მოგვიანებით გახდდება ცნობილი კონკრეტულად.

ამ ეტაპზე ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტ ალიევთან ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა: „ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ერთობლივად კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიც“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში ვიზიტი დაასრულა. როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტი თბილისში მიიწვია.

გასული წლის 29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობდა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. 7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მათ ბრალად წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც „არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

2021 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. 2021 წლის 28 იანვარს, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და 20-20 ათასი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ბრალდებულებს მოუწევთ ციხეში დაბრუნება და ისინი „აუცილებლად მოიხდიან სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რაც მათ რეალურად ჩაიდინეს“.

 

ამ თემაზე:

საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან – ღარიბაშვილი დავით გარეჯის საკითხზე

სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ გარეჯის საკითხის ბოლომდე მიყვანას აპირებს – საპატრიარქო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]