weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2021

მერის მოადგილეებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ – ხოჯევანიშვილი

17:56 სამშაბათი, 11 მაისი 2021 hits 535
ფოტოზე - გიორგი ხოჯევანიშვილი ფოტოზე - გიორგი ხოჯევანიშვილი

გორისა და კაპის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტებში მერის მოადგილეებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და მათზე ზეწოლას ახორციელებენ იმის გამო, რომ გიორგი გახარიას თანამოაზრეები არიან.

დღეს, ორწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან გორის და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები გაათავისუფლეს. ხოჯევანიშვილის თქმით, მათზე ზეწოლა უშუალოდ მერების მხრიდან იყო, რის შედეგადაც ზოგს განცხადება დააწერინეს, ზოგს კი თანამდებობა მერის ბრძანების საფუძველზე დაატოვებინეს.  

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეებზე მოხდა ზეწოლა. ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო. ეს არის ამ ადამიანების გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოთხოვნა თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით.

ეს არის ის ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა, მაგრამ დღეს ამ მეთოდებით ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით.

ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე ძალიან კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტებს, იყვნენ გამორჩეული პროფესიონალიზმით, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკური ნიშნით ხდება მათი გათავისუფლება, რაც ძალიან სამწუხარო, არასწორი და არაჯანსაღი პროცესია“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელიც გახარიას გუნდის წევრია.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო თანამდებობა დატოვეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. გორის მერი კი აცხადებს, რომ მოადგილეები თავად გაათავისუფლა, რადგან ისინი გახარიას „რეკლამირებას“ ეწეოდნენ და „თავის საქმეს“ არ აკეთებდნენ. ყოფილმა მოადგილეებმა დღეს თავი შეიკავეს იმ პირების დასახელებისგან, ვინც, მათივე თქმით, მათზე ზეწოლას ახორციელებდა.

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილიც. მისი თქმით, გადადგომა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად ქურდაძემ მოსთხოვა. ზურაბ როსებაშვილიც მერის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. როსებაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი.

გიორგი გახარიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა, მარტში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მის გუნდს შეუერთდა „ქართული ოცნების“ არაერთი ყოფილი წევრი, მათ შორის, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კერესელიძე და გორისა და კასპის მაჟორიტარი გიორგი ხოჯევანიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]