weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

სპეკულაცია, რომ შენიშვნები იყო და ნამახვანჰესი არ უნდა აშენდეს, არ არის სწორი – სარჯველაძე

10:13 შაბათი, 29 მაისი 2021 hits 1496

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ ნამახვანჰესის ხელშეკრულების პროექტზე ორი წლის წინ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა ისეთი შენიშვნა, რომელიც „საერთოდ ამ ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გამოთქვამს“.

„იცით რაშია საქმე? როდესაც იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზას ახორციელებს, ბუნებრივია, მოლაპარაკების პროცესისთვის გაიცემა რეკომენდაციები, რა არის სასურველი და მიზანშეწონილი, რომ სახელმწიფოს მხარეს იქნას დაცული და გათვალისწინებული. თუმცა, რასაკვირველია, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ხდება, მოლაპარაკების პროცესში ყველა ასეთი შენიშვნისა და რეკომენდაციის გათვალისწინება და შეთანხმება, ასე ვთქვათ, ხელშემკვრელ მხარესთან, სამწუხაროდ, ყოველთვის მოხერხებადი არ გახლავთ. დაახლოებით, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

მეჩვენება, რომ ამით სპეკულაცია, რომ იქ შენიშვნები იყო და აქედან გამომდინარე ნამახვანჰესი არ უნდა აშენდეს, არ არის სწორი მსჯელობა. აი, იცით როგორი იყო? აი, რაღაცა გაჩნდა ესა და ეს შენიშვნები, ეს ტექსტი და აქედან გამომდინარე, „ხომ ამას ვიძახდით“. სინამდვილეში, ეს არ იყო ის, რასაც ამ პროექტის ოპონენტები იძახდნენ.

იმიტომ, რომ იმ შენიშვნებს შორის ნამდვილად არ არის არც ერთი ისეთი შენიშვნა, რომელიც საერთოდ ამ ხელშეკრულების დადების თაობაზე ეჭვს გამოთქვამს“, – განაცხადა სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ჟურნალისტმა მიხეილ სარჯველაძეს შეახსენა, რომ იუსტციის სამინისტრო თავის დასკვნაში განსაკუთრებით კრიტიკული იყო ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მთავრობის მიერ მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ვალდებულებების აღების გამო. კიდევ ერთი შენიშვნა უკავშირდება ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მთავრობის პასუხისმგებლობას. იუსტიციის სამინისტრო ამბობდა, რომ უნდა გადახედილიყო ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რადგან ხელშეკრულება კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს აკისრებს. იუსტიციის სამინისტრო მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება. კიდევ ერთი შენიშვნა მთავრობის მიერ კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შეუძლებლობას უკავშირდებოდა – ხელშეკრულება ითვალისწინებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობას და არ უშვებს კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ჟურნალისტმა მიხეილ სარჯველაძეს ჰკითხა, დაკმაყოფილდა თუ არა ეს შენიშვნები, რაზეც მან უპასუხა:

„იცით რა არის? ყველა იმ შენიშვნებიდან, რომლიც არის, დაკმაყოფილდა... „დაკმაყოფილდა“ შეიძლება სწორი სიტყვა არ არის, უფრო სწორი იქნება „გათვალისწინება“ ვთქვათ იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც მსგავსი რეკომენდაციის გაცემა ხდება, ყველა ხელშეკრულებაში ამის თანაბრად ასახვა, სამწუხაროდ, ვერ ხორციელდება. მექანიკურად არ ხდება ეს.

ამ შენიშვნების რაღაც ნაწილი, რასაკვირველია, გაზიარებულ იქნა და არის რაღაც ნაწილი, რომელიც არ იქნა გაზიარებული. ეს არის მოცემულობა და საბოლოო ჯამში, გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

სამწუხაროა, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმების დროს ყველაფრის გათვალისწინება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, გვაქვს ეს მოცემულობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომპანია „ენკა რინიუებლზსა“ და საქართველოს მთავრობას შორის ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე ერთი თვით ადრე, 2019 წლის 30 მარტს იუსტიციის სამინისტრომ კონტრაქტის პროექტის შესახებ დასკვნა მოამზადა და გაუგზავნა ნათია თურნავას, რომელიც მაშინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. მიხეილ სარჯველაძის მიერ ხელმოწერილ დასკვნაში 22 კრიტიკული შენიშვნაა. დოკუმენტი სახელმწიფო უწყებას ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს. ის გამოცემა „მთის ამბებმა“ მოიპოვა და 25 მაისს გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, იუსტიციის სამინისტროსგან დასკვნის მოპოვებას უკვე დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს და ამ მიზნით სასამართლოსაც კი მიმართა. „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დასკვნაში მოცემული კრიტიკული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ არის.

ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელს, ანა დოლიძეს. გუშინ მან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება შეიტანა და მოითხოვა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. დოლიძეს მიაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია არის საუკეთესო ფორმატი იმისთვის, რომ ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]