weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გუმათში პოლიციაზე ძალადობის შემთხვევაში, გაზს და წყლის ჭავლს გამოიყენებენ – გომელაური

12:58 ორშაბათი, 31 მაისი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ დემონსტრანტების მხრიდან პოლიციაზე ძალადობას ექნება ადგილი, სპეცრაზმს ყველანაირი აღჭურვილობის გამოყენების უფლება ექნება, მათ შორის, წყლის ჭავლისაც.

„სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის, გაზი იქნება, წყლის ჭავლი იქნება, თუ რაც იქნება, თუ საჭირო იქნება, თუ მოხდება ძალადობა პოლიციაზე, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, რიონის ხეობაში რკინის ჯებირები დაპირისპირების თავიდან აცილების მიზანს ემსახურება, პოლიციელები კი სიტუაციას განმუხტავენ.

„რამდენიმე თვეა, პოლიციელები დგანან იქ და მაქსიმალურად ცდილობენ, არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. ამ დრომდე ასეთი რაღაც ნამდვილად არ მომხდარა, მომიტინგეები და აქციის მონაწილეები იცავდნენ დისტანციას, იყვნენ წყნარად. გუშინ, რატომღაც აგრესია გამოხატეს.

რკინის ჯებირები დაგვჭირდება, დაბალი ჯებირები დაგვჭირდება თუ რაც დაგვჭირდება, იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს იქ დაპირისპირება. იცით, ერთხელ ტექნიკა დაუწვეს შიგნით, შეხლა-შემოხლა მოხდა მუშებთან და „ენკას“ ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ, იქ მოხდება მეტი დაძაბულობა, შეიძლება, დაშავდნენ კიდეც“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ორი თვეა არ აძლევენ რიონის ხეობაში შესვლის უფლებას, სადაც ნამახვანჰესის მშენებლი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ სამუშაოებს აწარმოებს. გუმათჰესთან გზა რკინის ჯებირებით აქვს გადაკეტილი პოლიციას და შსს-ს ბლოკპოსტია განთავსებული.

26 მაისიდან მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ხეობაში ორივე შესასვლელი – ქუთაისის და რაჭის მხრიდან – გადაუკეტეს „ენკა რინიუებლზის“ ავტომანქანებსა და თანამშრომლებს, თუმცა დღეს მათ განაცხადეს, რომ მუშახელის ტრანსპორტირება პოლიციის ავტომანქანებით ხდება.

„პოლიციასთან დაპირისპირებაში ვერ შევალთ. ეს არ არის სწორი და არ ვაპირებთ ამ მიმართულებით წავიდეთ, თუმცა, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ პოლიცია აბსოლუტურად გავიდა კანონს მიღმა, რადგან მისი ფუნქცია-მოვალეობა არ არის კომპანიის თანამშრომლები ხეობაში თავისი მანქანით ატაროს“, – განაცხადა საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ამბობენ, ხეობაში შესასვლელი გზები გადაკეტილი ექნებათ მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი მოთხოვნებია: „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

 

ამ თემაზე:

„ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს“ – „ენკა“ შსს-ს რეაგირებას ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]