weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

„თუ საჯაროდ დაგვპირდებიან, რომ „ენკას“ ხელს არ შეუშლიან, პოლიცია ხეობას დატოვებს“

13:41 ორშაბათი, 14 ივნისი 2021 hits 1159

როგორც კი გვექნება თუნდაც საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა მის თანამშრომლებზე, არ მოხდება კომპანიის აქტივების დაზიანება (იმიტომ, რომ იქ არის ბევრი საწყობი, მასალა, მათ შორის, აალებადი); თუ გვექნება გარკვეული გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა კითხვაზე - როდის დატოვებენ რიონის ხეობას საპოლიციო ძალები.

ნათელა თურნავას თქმით, ევროპელი მედიატორის, დირკ ბუშლეს შუამავლობით შაბათს გამართულ შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა და გამოქვეყნებულ ოქმშიც ასახულია, რომ პოლიციის ქმედებები დამოკიდებული უნდა იყოს იმის ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხოა გარემო ხეობაში.

„პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს იქ რაღაც დამატებითი ძალებით ყოფნა, მერწმუნეთ. პოლიციის იქ ყოფნის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს რაღაც კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის, იმიტომ, რომ იყო ამის სამწუხარო მაგალითები.

მნიშვნელოვანია ის, რომ დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა ბატონი დირკ ბუშლეს სახელით, აღინიშნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია პროექტის ირგვლივ ხეობაში, ნორმალურ პრობებს და ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხეობა და ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, დიდი სურვილიც არის.

დეესკალაციას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჰყავს ორი მხარე - ეს არის სახელმწიფოს მხირდან აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ახლა ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, რომ კომპანიას, რომელიც კანონიერად გაცემული ნებართვის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ საწყის, მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა, მათ თანამშრომლებს არ შეექმნებათ პრობლემა, ეს არის 300-მდე ადგილობრივი, მათ შორის, რიონის ხეობაში მცხოვრები ადამიანი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა უფლება იყოს დაცული როგორც ინვესტორის, ისე ყველა ადამიანის, ვინც ამ პროექტშია დასაქმებული“, - აღნიშნა თურნავამ.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის, დირკ ბუშლეს მედიატორობით გამართულ შეხვედრაზე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და მთავრობის წარმომადგენლები სამ საკითხზე შეთანხმდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციას ეხება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არაუგვიანეს 19 ივნისისა პოლიცია აიღებს რიონის ხეობაში ბარიერებს და უზრუნველყოფილი იქნება ადამიანების თავისუფლად გადაადგილება, რიონის ხეობის მცველები გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]