weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პანდემიის დროს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე – TI

14:12 ოთხშაბათი, 16 ივნისი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) კვლევის თანახმად, პანდემიისა და მისგან გამოწვეული კრიზისის დროს, საქართველოს პარლამენტმა ფაქტობრივად უარი თქვა თავისი ფუნქციის შესრულებაზე და ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილება სრულად მიანდო მთავრობას.

კვლევის მიხედვით, პარლამენტი არ ახორციელებდა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ეფექტურ მონიტორინგს, კერძოდ:

საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტის კომიტეტებს არ ჩაუტარებიათ სხდომა, რომელიც შეეხებოდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის საქმიანობის კონტროლს;

საგანგებო მდგომარეობის დროს კომიტეტებს არ გამოუყენებიათ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილება, საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე, შეემოწმებინათ საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათი შესრულების მდგომარეობა;

კოვიდ პანდემიის დროს განრიგით გათვალისწინებული 11 მინისტრის საათის ნაცვლად, მხოლოდ 4 მინისტრის საათი ჩატარდა;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ოპოზიციური ფრაქციების მიწვევისას არ მივიდა კომიტეტის სხდომაზე.

TI-ის კვლევა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მასში ვკითხულობთ, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, არ გამოიყენებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

„საანგარიშო პერიოდში ქვეყანა არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე იდგა, მაგალითად, ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება და მათთვის თავისუფლების აღკვეთა. აგრეთვე იყო უკანონო ფარული ჩანაწერების გავრცელების შემთხვევები, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. არაერთხელ, საჯაროდ, გაჟღერდა ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის დეპუტატების, ინტერესთა კონფლიქტის და სავარაუდო კორუფციული გარიგების შესახებ ინფორმაციაც. ე.წ. კლანის წევრების მიერ სასამართლო სისტემის მართვა ასევე არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორების მსჯელობის საგანი. თუმცა, არცერთ ზემოთ აღნიშნულ საკითხზე კომიტეტებს სპეციალური სხდომა არ ჩაუტარებიათ და არ მოუწვევიათ სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები“, – ვკითხულობთ კვლევაში.

TI-ის თანახმად, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას, რის მაგალითადაც მკვლევარებს მოყვანილი აქვთ ის ფაქტი, რომ მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს.

საანგარიშო პერიოდში გაგზავნილი 1683 კითხვიდან 288 პასუხგაუცემელი დარჩა. ოპოზიციური ფრაქციების მოწვევისას მინისტრები არ ესწრებიან კომიტეტის სხდომებს.

საანგარიშო პერიოდში ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლება 32-ჯერ გამოიყენეს, აქედან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო სხდომას.

არ არსებობს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას მისცემდა შესაძლებლობას, მოკლე ვადაში, აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე დაიბაროს მთავრობის წევრი, დაუსვას მას კითხვები და გამართოს დებატები. ოპოზიციურ ფრაქციას კომიტეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების უფლება არ აქვს, რაც დაუსაბუთებლად ზღუდავს ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირების მიმართ საკომიტეტო კონტროლის განხორციელებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

კვლევის თანახმად, პრობლემას წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის პროცესის გამჭვირვალობაც.

„საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაცია არასისტემატიზირებული სახით იძებნება, ზოგიერთი ინფორმაციის მოძიება ვებ-გვერდზე შეუძლებელია, მაგალიტად, თუ რატომ არ გამოცხადდა კონკრეტული მინისტრი კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტები საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულად და საჯარო ინფორმაციის მოწოდებისათვის დადგენილი ვადების მნიშვნელოვანი გადაცილებით გვაწვდიან“, – ნათქვამია ანგარიშში.

TI-ის კვლევას შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3iKOvfL

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]