weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

დეოკუპაციის სახელმწიფო სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა

17:29 ორშაბათი, 21 ივნისი 2021 hits 193

საქართველოს მთავრობამ ახალი კომისია შექმნა, რომლის მიზანი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება იქნება. კომისიას საგარეო საქმეთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება - კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები.

 „ჩვენი მიზანი და ამბიციაა, შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და, დაყოფისა და დაქსაქსვის ნაცვლად, ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.

წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში, ერთობლივად შევიმუშაოთ სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ყოველდღიურად მძიმდება ვითარება დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით რუსეთის გააქტიურებული ნაბიჯებისა და მუდმივი პროვოკაციების ფონზე, ცხადია, საქართველოს პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტიანი და ქმედითი უნდა იყოს ახალი გამოწვევების პირისპირ. 

ზალკალიანის განმარტებით, უნდა შეიქმნას განახლებული, კომპლექსური და ინკლუზიური სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც შედეგიან ქმედებებს განსაზღვრავს ყველა სტრატეგიული მიმართულებით, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, კონფლიქტის მოგვარება, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დევნილთა დაბრუნება, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის ღირსეული მომავლისა და განვითარების საუკეთესო პერსპექტივის უზრუნველყოფა, როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ისე შამგონასა და ხურვალეთში.

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ძალიან მალე ვიცხოვროთ საქართველოში, საოკუპაციო ძალებისა და გამყოფი ხაზების გარეშე. სწორედ ამის მოლოდინი არსებობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]