weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარლამენტში ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფაზე სანქციების დაწესებას განიხილავენ

18:45 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ოპოზიციური პარტიების წევრებს გააცნო საკანონმდებლო ინიციატივა, რომლიც სახელმწიფო ინსტიტუციების წინ აღმართული ევროკავშირის ან სხვა პარტნიორი ქვეყნის დროშის დაზიანებისთვის სანქციის შემოღებას ითვალისწინებს.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრის, თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, საუბარია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანაზე.

„კანონპროექტი ჯერ არ არის საბოლოო სახით წარმოდგენილი. საუბარია 1000-ლარიან ჯარიმაზე, ასევე შესაძლებელია იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლის გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, რომ აუცილებელია არსებობდეს სამართლებრივი ნორმა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დროშასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აქუბარდიამ.

ინიციატივას მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ზარქუა:

„პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა, მეორე შემთხვევაში – დროშის შეურაცხყოფა, მით უმეტეს, ევროკავშირის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რომელიც აღმართული იქნება სახელმწიფო ინსტიტუციების წინ – იქნება უკვე დაკავება და ასე შემდეგ“.

დროშის დახევის გამო ადამიანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ეთანხმება პარტია „გირჩიდან“ პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტი საბოლოო სახეს მიიღებს, გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მას მხარი.

​„სახელმწიფო ქონების დაზიანება ისედაც შეიძლება იყოს სანქცირების საგანი. მაგრამ დროშის რაღაც წმინდა წერილად ქცევა, რომლის დახევაც არ შეიძლება, ეს არ არის სწორი. ადამიანზე ძვირფასი არ შეიძლება იყოს რაიმე ნაჭერი, მნიშვნელობა არ აქვს ზედ რა აქვს დახატული“, – ამბობს იაგო ხვიჩია.

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე კახა კუჭავას ინიციატივას „ქართული ოცნების“ მხრიდან სიყალბეს და ფარისევლობას უწოდებს.

„როდესაც კანონპროექტი შემოგაქვს კონკრეტულად ევროკავშირის დროშის დასაცავად, მანამდე რაღაც ნაბიჯები უნდა გაატარო იმისთვის, რომ ევროკავშირისკენ კურსი შეინარჩუნო“, – განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ამ ინიციატივას წინ უძღოდა 5-6 ივლისის მოვლენების დროს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებმა საგანგაშო ფაქტად შეაფასეს.

„ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“, – ნათქვამი იყო წერილში, რომელიც ელჩებმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს გაუგზავნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]