weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

მელია თბილისის მერობის, ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება

00:09 შაბათი, 24 ივლისი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

საერთო კანდიდატების წარდგენაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდნენ.  

„მე კვლავ ვდგავარ თქვენს წინაშე. ვდგავარ მრავალ სირთულე გამოვლილი, ალბათ ბევრად ძლიერი, ვიდრე როდესმე. ვდგავარ ასევე რაღა დაგიმალოთ და ამაყი იმით, რომ ამდენი უსამართლობისგან კი არ გავბოროტდი, პირიქით, ბევრად მეტად მიყვარს ადამიანები და ბევრად მეტად მინდა ვიზრუნო მათზე, ვიდრე ოდესმე. დღეს ბევრად უკეთ მესმის რა არის უსამართლობა, ვიდრე ოდესმე. უსამართლობა, რომელმაც ერთ დღესაც ნებისმიერი ჩვენგანის კარზე შეიძლება მოაკაკუნოს და ამასაც არ დაგიმალავთ, აქ მე მინდა ჩემი გამოცდილებით ვიყო გარანტი, რომ ეს აღარ მოხდება არასოდეს. დღეს მე მჯერა როგორც არასდროს, რომ ნებისმიერი თქვენგანის, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქის დაცვას შევძლებ უსამართლობისგან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით თბილისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბრძოლის წინა ხაზი იქნება.

„დიახ, თბილისი ჩვენი ბრძოლის წინა ხაზია რეფერენდუმში, რომლითაც საქართველო უნდა დავიბრუნოთ; რეფერენდუმში, რომელზეც თითოეულმა მოქალაქემ უნდა უთხრას უარი ოლიგარქიას, კორუფციას, მომხვეჭელობას, გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს. გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ თბილისის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და საქართველოს გამარჯვება - თბილსის“, – განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ თბილისი მისთვის პოლიტიკაზე მეტია.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს და მხარს დაუჭერს „საერთო, მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს“. მისივე თქმით, ღრმად სწამს, რომ ელენე ხოშტარია იქნება თბილისის ისტორიაში პირველი ქალი საკრებულოს თავმჯდომარე.

„ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ: ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის მოთხოვნების უპირობო შემსრულებელია.

ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს, ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი. დღეს მე და ელენე გამოვდივართ როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები: მე - როგორც მერობის კანდიდატი ჩემი პოლიტიკური მოძრაობიდან, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომელიც წარმოადგენს ვიცე-მერს უახლოეს მომავალში, ხოლო ელენე როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი საკუთარი მოძრაობიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, ის და ნიკა მელია სხვადასხვა გუნდს წარმოადგენენ, „უკამათიათ და კიდევ იკამათებენ“, მაგრამ დღეს ერთიან ბრძოლას აცხადებენ.

„დგება მომენტები, როდესაც უნდა დადგე ვიწროპარტიულ და ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა და ანახო ერთიანობის ძალა იმ ჯგუფს, რომელიც ანგრევს ჩვენს სახელმწიფოს, რომლისთვისაც სახელმწიფო არის ტერიტორია საკუთარი კეთილდღეობისთვის და ადამიანი არ წარმოადგენს არანაირ ღირებულებას“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი უიმედობის განცდაა, რომლის წინაშეც ის, ნიკა მელია და ოპოზიციის სხვა წევრებიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობენ, რაც მათ ერთიანი ბრძოლის დაწყებისკენ უბიძგებს.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ მერი და საკრებულო იქნება სხვადასხვა პარტიის, ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა თბილისის მაჟორიტარები დაუთმოს სხვა პარტიის წარმომადგენლებს, სადაც გვეყოლება ერთიანი, მრავალპარტიული კანდიდატები.

მიუხედავად ჩემი პარტიული ინტერესისა, მე დიდი სიხარულით შევუწყობ ხელს, რომ სხვადასხვა უბანი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა მოიპოვონ ხალხის ნდობა და ეს მრავალფეროვნება იყოს ასახული საკრებულოში.

ჩვენ, ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, ყველაფერი არ შეიძლება ერთ ძალას ეკუთვნოდეს; ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ მრავალფეროვნებაშია ძალა; ასევე გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს და უნდა შევძლოთ ერთიანად ბრძოლა. დღეს არის ცვლილებების დრო, დღეს არის გამარჯვების დრო“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, შეჯერება ხდება სხვა საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში საერთო მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]