weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ – წულუკიანი

09:36 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიმართა, მასთან პირადად მივიდეს და მიკროფონი წაიღოს, თუ არადა, 3 ოქტომბერს დაელოდოს. ამის შესახებ წულუკიანმა სვანეთში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ქალბატონი ემა ამობრძანდეს, ჯერ კიდევ სვანეთში ვარ და თუ ამოვა ამ ხეობაში, მას ამ მიკროფონს დავუბრუნებ, თუ არადა, დაიცადოს იმ მომენტამდე, როდესაც მას შევხვდები. თუ არადა, სამი ოქტომბერიც დადგება, როდესაც ის და თავისი მავნებლური პოლიტიკური ძალა მწარედ დამარცხდებიან არჩევნებში. ბურთი მის მოედანზეა. ამობრძანდეს სვანეთში, წაიღოს თავისი მიკროფონი. თუ არადა, მოვიდეს როცა უნდა და თუ აქვს მოსასვლელი პირი, ჩამხედოს თვალებში.

როდესაც ჟურნალისტს უჩნდება მისნაირად სურვილი, რომ ითამაშოს პოლიტიკა, პოლიტიკური თამაში ასეთი ვიცი მე.

თუ უნდა იყოს ჟურნალისტი, იყოს ჟურნალისტი და ნუ შეუვარდება ადამიანებს კერძო საკუთრებაში, როგორც ეს მან ამასწინათ ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახში გააკეთა, ნუ შემოვარდება სენაკის თეატრში გახსნის ჩასაშლელად, როგორც ეს მან რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

მე მედიასთან ვიცი პოლიტიკოსის და ჟურნალისტის თანამშრომლობა და როცა ჟურნალისტი გადადის პოლიტიკაში, იქ პოლიტიკურად ასეთ თამაშს ვაწარმოებ. ამიტომ ქალბატონო ევა, კი არადა ემა, დღეს-ხვალ ვარ სვანეთში და მობრძანდით თუ გაქვთ ამოსასვლელი პირი. თუ არადა, მობრძანდით სხვაგან, სადაც ვიქნები და დაიბრუნეთ ქონება, თუ არადა, დაელოდეთ თქვენს მორიგ მწარე მარცხს 3 ოქტომბერს და მაშინ თვითონ მოვალ, დაგიბრუნებთ ამ მიკროფონს და გეტყვით, რომ თქვენ დამარცხდით“, – განაცხადა წულუკიანმა.

შეკითხვაზე, სამართლებრივად როგორ შეაფასებდა მიკროფონის წართმევას, წულუკიანმა ჟურნალისტს ასე უპასუხა: „ეს თქვენ შეაფასეთ, ჩემზე დიდი იურისტები ხართ“.

თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი 22 ივლისს წაართვა.

„ეს ამხელა, ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – ასე მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.

მომხდარის გამო, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. იმავე დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიკროფონს 3 ოქტომბერს დააბრუნებს, როდესაც „ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი“.

23 ივლისს „მთავარმა არხმა“ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]