weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

10:17 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ გაუქმებულად გამოაცხადა შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც მმართველი და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელი 19 აპრილს მოეწერა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კიბახიძის განცხადებით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რითიც არ სრულდება დოკუმენტის მიზანი – ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირება.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა, „თუმცა, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“. კობახიძის განცხადების მიხედვით, შარლ მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს თითქმის ორთვიანი მედიაციის შემდეგ მოაწერეს ხელი. მედიაციის პროცესში ევროკავშირის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც იყო ჩართული. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებდა ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

„ქართული ოცნების“ გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვროპული საბჭოს პრეზიდენტის სტრატეგიულმა მრჩეველმა იურეკ კუჩიევიჩმა განაცხადა, რომ  პრეზიდენტი მიშელი, ამ ეტაპზე, სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

„საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებს აწარმოებს აქტორებთან და ჩართულ პარტიებთან“, – დაწერა იურეკ კუჩიევიჩმა Twitter-ზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]