weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

მინდა ბებია და დეიდა ემიგრაციიდან დავაბრუნო – ლაშა ბექაური მოგებულ მილიონზე

17:54 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021 hits 404

21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური, რომელმაც გუშინ, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, ამბობს, რომ ოლიმპიური ჩემპიონისთვის გათვალისწინებულ მილიონ ლარს, პირველ რიგში, ემიგრაციაში მყოფი ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებისთვის გამოიყენებს.

„პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ, ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში. არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ. ზოგადად, არ მიფიქრია, რას ვუზამ მილიონს. ჩემი სურვილი ეს არის, პირველ რიგში“, – თქვა ბექაურმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში გამარჯვების შემდგომი მომენტებიც გაიხსენა და თქვა, რომ პირველს მამას დაურეკა.

„როცა დავამთავრე, მელოდებოდა და დავურეკე. ეს ჩვენი ოცნება იყო და ჯერ ისევ შოკში ვართ. ვერ ვიჯერებთ რაღაცნაირად, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ვართ. დედა ყოველთვის ეკლესიაშია ჩემი შეჯიბრის დღეს, ვერ მიყურებს ხოლმე. ახლა ძალიან ნერვიულობდა, ტრავმა რომ მქონდა“, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა და საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ფინალამდე მან რუსეთის, უზბეკეთის, პოლონეთისა და ისრაელის წარმომადგენლები დაამარცხა, ფინალში კი გერმანელ ძიუდოისტს სძლია.

ლაშა ბექაური დედოფლისწაყროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოდან არის. 2018 და 2019 წლებში ის ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2019 წელს ოქროს მედლები მოიპოვა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატსა და ცინდაოს მასტერსზეც. ბექაური ევროპის მოქმედი ჩემპიონია.

როგორც ლაშა იხსენებს, 7 წლის იყო, როდესაც მამის გადაწყვეტილებით ვარჯიში დაიწყო. მისი მწვრთნელი კახა წიკლაურია.

„ჩემი მთავარი მიზანია, გავხდე ძიუდოში რეკორდსმენი და ოთხჯერ მოვიგო ოლიმპიადა, რაც დღემდე არავის გაუკეთებია“, – ამბობდა ბექაური ტოკიოს ოლიმპადაზე გამარჯვებამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]