weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფო“ უხამსობის ტირაჟირებისთვის სამართალდამრღვევად ცნო

18:32 ხუთშაბათი, 29 ივლისი 2021

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ალტ ინფო“ ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო, სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს „ალტ ინფოს“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემებს „ალტ-ინტერვიუ“ და „ალტ-ანალიტიკა“. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, აღნიშნულ გადაცემებში როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების მიერ ხშირად იყო გამოყენებული უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება.

„კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, რომ „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული.

„ალტ ინფოს“ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა.

გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა.

ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

რაც შეეხება „ალტ ინფოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, უხამსობის საკითხის განხილვისას, კომისია მაუწყებლების მიმართ აყალიბებს ერთგვაროვან მიდგომას.

„პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, კომისიის მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება.

კომუნიკაციების კომისია ცდილობს სტანდარტის დამკვიდრებამდე არ დააკისროს მაუწყებლებს ჯარიმა, მაგრამ დააფიქსიროს დარღვევა თუ ასეთი არსებობს. დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება. არსებული პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფო“ კანონდარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა“, – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

შპს „ალტ ინფოს“, რომელიც სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით ჰომოფობიურ, ანტილიბერალურ და ანტიდასავლურ ნარატივებს ავრცელებს, კომუნიკაციების კომისიისგან მაუწყებლობის ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ეს ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზებაში. „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა მახარაძე 6 ივლისის კონტრაქციასაც ხელმძღვანელობდა – პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის შემდეგ მან გამოაცხადა, რომ ელჩები „თავიანთ საელჩოებში უნდა დაეტიონ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]