weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს მოაწერს

21:45 ოთხშაბათი, 01 სექტემბერი 2021

თბილისის მერობის კანდიდატმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ხელს მოაწერს 19 აპრილის შეთანხმებას (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს), რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.

ნიკა მელიას განმარტებით, მიუხედავად მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავს ვალდებულად მიიჩნევენ, საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა დადგნენ და შეთანხმებას ხელი მოაწერონ.

„ჩვენ შესაძლოა არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთახმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს. რატომ არ მოგვწონდა? რადგან არ გვჯეროდა, რომ რაიმე სერიოზულ რეფორმას განახორციელებს ოლიგარქი ივანიშვილი, არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრ რამეში მართლები აღმოვჩნდით - იმის ჩათვლით, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემას და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩაცხრობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი, მაგრამ ახლა ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დოკუმენტზე ხელმოწერისკენ უბიძგა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე მთავრობის უარმა, რაც, მელიას შეფასებით, ევროპული გზიდან გადახვევას ნიშნავს.

„რა არის „ქართული ოცნების“ ეს მთავარი პოლიტიკური განაცხადი? არაფრის ფასად აღარ გვინდა ევროპული რეფორმები, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა უფრო წინ არის, ვიდრე დასავლეთთან ურთიერთობაო. ეს ღია განაცხადია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე.

სწორედ ეს ბოლო განცხადებები, რომ დახმარებას არ იღებენ თურმე, რაც ევროპული გზიდან გადახვევის საბოლოო და ყველასათვის ნათელი მტკიცებულებაა, გახდა ბიძგი, რამაც გადაგვაწყვეტინა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და შეგვკრავს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი.

ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითიც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში! ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობა“ ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს „ქართული ოცნების“ ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არ დისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა ლიდერმა.

ნიკა მელია ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ნათლად და ცალსახად განაცხადოს, რომ არ მისცემს უფლებას „ქართულ ოცნებას“ გაექცეს ხელმოწერილ ვალდებულებას 43%-იანი ბარიერის ვერ გადალახვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]