weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გენპროკურორის არჩევის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს ლევან იოსელიანიც არ უჭერს

17:25 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021

პარტია მოქალაქეების წევრი, იურისტი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის საკითხი უნდა ამოიღონ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) ხელმოწერის შემდეგ შემუშავდა. ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააფიქსირა.

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში, თუ გენერალურ პროკურორს პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 (ანუ 90 დეპუტატის ხმა) ორჯერ ვერ აირჩევს, მესამე მოსმენაზე მისი არჩევა შესაძლებელი იქნება სრული შემადგენლობის უმრავლესობით (ანუ 76 დეპუტატის ხმა). სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი (და არა 5 წელი) იქნება. 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, გენპროკურორის პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის მიერ არჩევა ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„ამ შემთხვევაში, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვინდაიდან თავიდანვე მიმაჩნდა, რომ შარლ მიშელის კარგ შეთანხმებაში იყო რამდენიმე პრობლემური პუნქტი და მათგან ერთ-ერთი არის სწორედ გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერი.

მეორე ასეთი პრობლემური იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევის შესახებ ჩანაწერი, რომელმაც ყველას თვალნათლივ დაგვანახა, რომ ამ ჩანაწერმა არ იმუშავა და ჩვენ რეარულად გავიარეთ ფორმალური პროცესი, რომლის შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მივიღეთ ისეთი ფიგურა, რომელთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, ეს ორი ჩანაწერი თავიდანვე არ იყო შედეგის მომტანი, თუმცა იმ ეტაპზე, მეორე მხარეს იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა - შემდგარიყო შეთანხმება და დაძლეულიყო კრიზისი.

„მათ შორის, ხელი მოვაწერეთ ჩვენც, იმიტომ, რომ სიკეთე, რომელიც მეორე მხარეს იყო, ბევრად აღემატებოდა თუნდაც სამართლებრივად არასწორ ჩანაწერებს, რომლებიც ამ შეთანხმებაში გვქონდა. ამის შესახებ ჩემი პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი, მათ შორის, პარტნიორებისთვის, ელჩებისთვის. ზოგადად, მე არ ვარ მომხრე, კონსტიტუციაში ხელოვნურად შევიტანოთ კვაზიდემოკრატიული მოდელები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მძიმე შედეგს იძლევა. ამის კარგი მაგალითია საპროკურორო საბჭოს შესახებ კონტიტუციაში შესული ცვლილებები, რომელმაც რეალურად შეასრულა კვაზიდემოკრატიული მოდელის ფუნქცია, ამ საბურველით შეიფუთა და შედეგი მოგვიტანა ის, რომ დღეს ისევ ვმსჯელობთ გენერალური პროკურორის არჩევის დემოკრატიულ წესზე. ის ჩანაწერი ვენეციის კომისიის მიერ იყო მოწონებული და მახსოვს, პარლამენტში ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან. არ აღმოჩნდა შედეგიანი.

ჩვენ შეიძლება შეცდომები დავუშვათ საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ როდესაც კონსტიტუციას ეხება საქმე, აქ პოლიტიკური დღის წესრიგი არ უნდა ფარავდეს სამართლებრივ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება ამბობს, რომ ეს ჩანაწერი ამოსაღებია პროექტიდან, რადგან ეს, საბოლოო ჯამში, უფრო უარეს შედეგს გამოიღებს. გამოიღებს იმ შედეგს, რომ ჩვენ მივიღებთ ერთი წლით მორჩილ გენერალურ პროკურორს, რომელიც ერთი წლის მანძილზე შეეცდება დაუმტკიცოს მმართველ პარტიას თავისი ერთგულება და კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამს, ვიდრე გადადგამდა არსებული“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკონტიტუციო ცვლილების მიღება ოპოზიციას დააზარალებს.

გენერალური პროკურორის არჩევის შესახებ ჩანაწერს მხარს არ უჭერს „ქართული ოცნება“. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და „სამართლებრივი სიმახინჯის“ კონსტიტუციაში ასახვის ვალდებულება არ აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]