weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ღარიბაშვილმა ყაზბეგის მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილი წარადგინა

14:58 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ბაკურ ავსაჯანიშვილი წარადგინა. 2012 წლის ნოემბერში, როდესაც ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ავსაჯანიშვილი ყაზბეგის პოლიციის უფროსად დაინიშნა.

„ღირსებული კაცი. წესიერი, მზრუნველი კაცი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ყაზბეგს, იყო პოლიციის სამმართველოს უფროსი. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, სწორედ ჩემს დროს დაინიშნა ბატონი ბაკური და ის, რომ კაცი 8 წელი უცვლელად მუშაობდა ერთ თანამდებობაზე, ადასტურებს მის პროფესიონალიზმს, მაღალ კვალიფიკაციას და მის წესიერებას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის“, – განცხადა ღარიბაშვილმა.

ბაკურ ავსაჯანიშვილის თქმით, კარგად აქვს გააზრებული პრობლემები და საჭიროებები, რაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს.

„აქტიურ პრობლემად რჩება დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის უბნის წყალმომარაგების საკითხი, რაზეც დაწყებულია საპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება“, – განაცხადა მან.

„ქართულმა ოცნებამ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად თავდაპირველად ყაზბეგის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, შალვა ელოშვილი წარადგინა, თუმცა მოგვიანებით ბაკურ ავსაჯანიშვილით ჩაანაცვლა. ავსაჯანიშვილი ყაზბეგის პოლიციის უფროსად 2020 წლის სექტემბრამდე მუშაობდა, მას შემდეგ კი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

ბაკურ ავსაჯანიშვილი სოფელ არშაში 800 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომელიც საკუთარ მიწაზე 2017 წელს ააშენა და ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 550 ათასი ლარი დაუჯდა. მის საკუთრებაში 2006 წლიდან არის 108 კვ.მ. ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, რაშიც 110 ათასი აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]