weather cur horoscope tv
სექტემბერი 18, 2021

უნდა დაველოდოთ გამოძიებას – ღარიბაშვილი ე.წ. სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე

13:03 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021 hits 89

„ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეკლესიის წინააღმდეგ. ვის მიერ და რა თქმა უნდა, ჩვენი ამ დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელ ამ შეთქმულებაში“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერნეტში გავრცელებულ, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილ მასალებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს არის ეკლესიის და მღვდელმთავრების მტრობა, მათი დისკრედიტაციის მცდელობა, რასაც სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს, ტყუილ-მართალს უკეთებენ ტირაჟირებას და ეკლესიისა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას ახდენთ. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა. ეს არის სააკაშვილისა და ოპოზიციის ბოლო მცდელობა. იციან, რომ ყველა ქალაქში სასტიკად მარცხდებიან. უნდათ, რომ რაღაც ქნან. ერთი მხრივ, უყურებთ, რომ არჩევნების მზადებას აზრი არ აქვს, რადგან იციან, რომ საერთოდ არ აქვს აზრი მათ ჩართულობას კამპანიაში, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს აგებენ.

ყველაფერი არჩევნების მეორე დღისთვისაა გამიზნული. გარკვეული პროვოკაციები რომ მოაწყონ. სახელმწიფო არავითარ პროვოკაციას არ დაუშავებს. ყველა მოღალატეს და ჩვენი ეკლესიის მტერს გავცემთ მკაცრ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“,  – განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ყველას მოუწოდა, გამოძიებას დაელოდოს.

„გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის, იმ ვერსიას, რაზეც თქვენ მკითხეთ, რომ თეორიულად ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია, ხოჯევანიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციასთან, წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს წინასწარი დასკვები გვაკეთო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, ასე ვთქვათ, ფაბრიკაცია, თუ კიდევ უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს (მათ შორის, ჟურნალისტებთან და პოლიტიკოსებთან) და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს. რამდენიმე ჟურნალისტმა და პოლიტიკოსმა გავრცელებულ მასალებში საკუთარი თავი ამოიცნო.

14 სექტემბერს, გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]