weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ქართული ოცნება“ ენმ-ის მერობის კანდიდატს ხელვაჩაურის შტაბში შეჭრაში ადანაშაულებს

17:50 შაბათი, 18 სექტემბერი 2021

„ქართული ოცნება“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს „ერთიან ნაციონალური მოძრაობიდან“, მიხეილ ბოლქვაძეს „მძიმე პროვოკაციის“ მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ ბოლქვაძე, მაჟორიტარობის კანდიდატი ამირან თედორაძე, პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატები - მალხაზ თავდგირიძე, მერაბ ვარშალომიძე და ნიკა ნაგერვაძე, აქტივისტებთან და საკუთარ მედიასაშუალებებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის შტაბში შეიჭრნენ. გაუგონარია ის საბაბი, რომელიც პროვოკატორებმა ჩვენს ოფისში შესაჭრელად გამოიყენეს - მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზინეს და შემდეგ ყოველგვარი ფაქტორივი მტკიცებულების გარეშე გამოიყენეს იმის მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის შეფასებით, ეს არის გაუგონარი თავხედობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ „უკონტროლო პროცესები გამოიწვიონ და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს“. ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, სადაც მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეებია და საიდანაც „მათ მიერ პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს, ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი“.

„ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიფსური სურათი, თითქოს, „ქართული ოცნების“ ოფისიდან ხალხს მეორე სართულიდან ყრიან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ ბოლქვაძემ „ქართულ ოცნების“ ოფისში საარჩევნო ბანერი მიიტანა და მის დაზიანებაში მმართველი პარტია დაადანაშაულა.

„ეს არის მათი ხელწერა. პოლიციელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ბანერის დაზიანებამდე და მუქარამდე იყო ბევრი ბანერის დაზიანება, თუმცა არანაირი რეაგირება და კონკრეტული შედეგი არ დამდგარა“, – თქვა მიხეილ ბოლქვაძემ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]