weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ევროკავშირის ოფისთან კობახიძესა და მელიას შორის დაპირისპირება მოხდა

16:28 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიასა და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთმანეთისკენ გაიწიეს.

დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც ევროკავშირის ოფისიდან გამოსული ირაკლი კობახიძე და შეხვედრაზე შესასვლელად მისული მელია ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ.

მელიას თქმით, კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „დმანისში პროვოკაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო, ანუ ოპოზიციამ სასიკვდილო ჭრილობები თავად მიიყენა“. ამის შემდეგ ის კობახიძისკენ წავიდა და ჰკითხა, სჯერა თუ არა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად დაჭრა თავისი აქტივისტები. „ვინ თქვა ეგ?“, – უპასუხა კობახიძემ.

„ვინ თქვა კი არა, უსინდისო ხარ და 2 ოქტომბერს მიიღებ შესაბამის პასუხს, შე უნამუსო, ბიძინა ივანიშვილის მონა, მართლა. შე ქვეშა*ჯვია, შენა, უნამუსო ბავშვო, შენ“, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა კობახიძეს.

ირაკლი კობახიძემ მას აგინა, „ხულიგანი“, „ნაძირალა“,„პროვოკატორი“,„უინტელექტო“ და „ბინძური“ უწოდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას გაარიდეს.

ევროკავშირის ოფისში შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ „პროვოკაციებთან“ დაკავშირებით მედიასთან თქვა: „რამდენიმე პროვიკაცია იყო მარტო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში: ქარელში იყო ერთ-ერთი ჟურნალისტის პროვოკაცია, იყო ხელვაჩაურში, ბათუმში პროვოკაციები. რამდენიმე პროვოკაცია იყო, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა ინციდენტი, ეს მძიმე ინციდენტი დმანისში. სხვა შემთხვევაში პროვოკაციებმა პროვოკატორებისთვის უშედეგოდ ჩაიარა, რაც არის ჩვენი აქტივისტების მოთმინების დამსახურება“.

„რეჟიმი, რომელიც ბედავს სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენს საარჩევნო შეხვედრაზე და ამის შემდეგ საჯარო სივრცეში გამოდიან და საუბრობენ, თითქოს, ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია, თითქოს ჩვენ დავჭერით სასიკვდილოდ ხანჯლებითა და არ ვიცი, დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ადამიანს ფიზიკურად სამი დღის წინ, რუთავში - აი, ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს საშუალება ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს ისე, როგორც არის მიჩვეული“, – თქვა მელიამ ინციდენტის შემდეგ.

21 ოქტომბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს პარტიის ორი მხარდამჭერი დანის გამოყენებით დაჭრეს. საპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე დმანისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილი, დავით დაუთაშვილი დააკავა. მანამდე, თავდასხმა მოხდა რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის მხარდამჭერზე. ივანე გველესიანს გვიან ღამით სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დავით კირკიტაძე მომხდარში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დმანისსა და რუსთავში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმები დაგმო. საელჩოს განცხადებით, მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]