weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2022

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

19:53 პარასკევი, 01 ოქტომბერი 2021 hits 489

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა საზოგადოება ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილი არის პენიტენციურ დაწესებულებაში.

ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით.

ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველას, ვინც ამ „უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. ვიდეოში, რომელიც ღამის პერიოდშია გადაღებული, ის ამბობდა, რომ ბათუმში იმყოფებდა და მალე თბილისში იქნებოდა. სააკაშვილის საქართველოში ყოფნა დაადასტურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც.

ამის მიუხედავად მმართველის პარტიის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იყო, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს კი ყალბს უწოდებდნენ. მამუკა მდინარაძემ ისიც კი თქვა, რომ სააკაშვილი კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის სახელმწიფო საზღვარი დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, თუმცა Facebook-ში 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა. ამ დრომდე უცნობია, რა გზით შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.

ქართული სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილს ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში. ასევე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის საქმეზე მისჯილი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ არის ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]