weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდა

14:03 სამშაბათი, 05 ოქტომბერი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს სთავაზობდა, თუმცა ადვოკატის ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

ფოთის ტერმინალის თანამშრომლებს, ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალად ედებათ წინასწარ შეუპირებლად მძიმე დანაშაულის დაფარვა (სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის II ნაწილი), რაც 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვედავებით იმ დანაშაულის დაფარვას, რაზეც მსჯავრდებულია მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტება აქვს გაკეთებული და შესაბამის გადაწყვეტილებაში ნათლად და ცალსახად არის მითითებული, რომ დანაშაულის დაფარვა არის როგორც დამნაშავის დაფარვა, ისევე დანაშაულის კვალის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული საგნის და ა.შ. დაფარვა“, – განმარტა პროკურორმა.

წოწორიების ადვოკატი გიორგი გოგინავა მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია.

„ეს ადამიანები არ არიან რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, აბსოლუტურად გამიჯნულები არიან პოლიტიკისგან. უბრალოდ, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს და რასაც ჰქვია, ჩაიხუტეს გულში. ეს დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ და ამის გამო არიან დაკავებულები.

ის ნორმა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალის სახით აქვთ წარდგენილი, აბსოლუტურად აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში. დანაშაულის დაფარვაში რასაც გულისხმობენ, ეს არის მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია და ტრანსპორტირება. ეს არ არის დანაშაული. დანაშაულის დაფარვა რაში გამოიხატება? ანუ ხელი შეუშალეს რაიმე დანაშაულის გახსნას?“, – განაცხადა გიორგი გოგინავამ.

როგორც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილებას „მხოლოდ ფორმალურად გაასაჩივრებენ, რადგან არც სააპელაციო სასამართლოს იმედი აქვთ“.

პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ შალვა და ზურაბ წოწორიებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი თბილისში გაემგზავრა და ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა.

პროკურატურა ელგუჯა ცომაიასაც დანაშაულის დაფარვას ედავება. მასაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია კიდევ 4 საქმეზე, რომლებზეც სასამართლოში განხილვები არ არის დასრულებული.

ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ყოფილ პრეზიდენტს ბრალს დიდი ალბათობით ამ დანაშაულისთვისაც წარუდგენენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]