weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მისი პირადი ექიმი

11:16 ორშაბათი, 11 ოქტომბერი 2021

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიხეილ სააკშვილი დაპატიმრების შემდეგ, 10 დღეა, შიმშილობს.

ექიმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გუშინ მოინახულა.

„პარასკევს მისი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, ნორმალური, მაგრამ, საუბედუროდ, დღეს მისი მდგომარეობა დამძიმდა. მე ვიტყოდი, რომ საშუალო სიმძიმის არის. ეს ყველაფერი უფრო პროგრესირებს, უფრო ჩქარა, ვიდრე ჩვენ გვეგონა. სისხლის ანალიზები უკვე პარასკევს არ იყო ნორმაში. დღეს ჩვენ სისხლის ანალიზის შესაძლებლობა არ გვქონდა. ხვალ დილით იქნება ეს ანალიზები გაკეთებული და შევადარებთ წინა ანალიზებს, მაგრამ ანალიზების გარეშე, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მდგომარეობა არის რთული“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ანამნეზში აქვს სისხლის ძალიან იშვიათი დაავადება - თალასემია და ასევე, ჟილბერის სინდრომი.

„თალასემია კეთილთვისებიანი დაავადებაა, მაგრამ გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომარეობა იქნება მაშინ, როდესაც ადამიანი შიმშილობს. თალასემიის დროს არანაირი თერაპიული მკურნალობა არ არსებობს, არ არის საჭირო, მაგრამ თუ გართულდა, სულ სხვა სიტუაციაა. არასდროს არ გაუვლია ჩემთან კონსულტაცია, მისთვის შიმშილობა შეიძლება თუ არა. ჯერჯერობით ციხის ექიმები თავს ართმევენ ძალიან კარგად. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაღალი პროფესიონალები არიან, მაგრამ ციხე ციხეა“, – ამბობს ექიმი.

ნიკლოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მისი გადასაწყვეტი რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში დღესვე გადაიყვანდა. როგორც ექიმი აცხადებს, სააკაშვილი აღარც თაფლს იღებს.

„თვითონ ციხის ადმინისტრაციამ უთხრა, იქნებ თაფლიანი ჩაი დალიოო და ცოტა წვენიცო. პრინციპში, ეს არ იყო ცუდი შეთავაზება, იმიტომ, რომ შიმშილობის დროს ცოტა გლუკოზა ადამიანს ეხმარება. თუმცა, მერე, როდესაც უკვე ჰქონდა ტელევიზორი და რამდენიმე გადაცემას უყურა, სადაც ლაპარაკობდნენ, რომ სააკაშვილი კილოგრამობით თაფლს ჭამს და წვენებს სვამს, ვიტამინებს და ა.შ. ყველაფერი მოიშორა. ახლა, მინდა გითხრათ, რომ მის საკანში არცერთი კოვზი თაფლი არ არის. მხოლოდ წყალს იღებს. ერთი საათი ვთხოვდი, იქნებ ჩაი დავლიოთ მეთქი, მაგრამ ჩემმა თხოვნამ არ გაჭრა.

ძალიან მიმძიმს ლაპარაკი, მაგრამ თუ თაფლი ან ვიტამინი არ მიიღო, ჩვენი პრეზიდენტი 30 ოქტომბრამდე კარგი ხნით ადრე, ცოცხალი არ იქნება. სიტუაცია არის კრიტიკული, ჩვენ შეიძლება პრეზიდენტი დავკარგოთ არჩევნებამდე“, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა წუხელ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავცრელებული ინფორმაცია თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სამსახურის აცხადებს, რომ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

„სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა გზით შემოვიდა ის საქართველოს ტერიტორიაზე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას არ გაუვრცელებია. შსს-ში სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მეთერთმეტე დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]