weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ლიზა იასკოს თქმით, სააკაშვილი ძალიან დასუსტდა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს

18:02 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში პარტნიორმა და უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა, ლიზა იასკომ მოინახულა. როგორც იასკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი დასუსტებულია, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

„სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმიტომ, რომ ეს უკვე მისი შიმშილობის მე-15 თუ მე-16 დღეა (სხვადასხვა დათვლით). რა თქმა უნდა, ძალიან დასუსტდა და ძალიან სამწუხაროა, რომ მის პირად ექიმს ბევრი დღეა, არ უშვებენ. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება გუშინ გამართულ აქციას, ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკშვილი ქართველ ხალხს მადლობას უხდის.

„ის საბრძოლო მდგომარეობაშია. ძალიან მადლობელია იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ხმა გაიგო, რომ ეს ძალიან ამაღელვებელია და სურს, რომ ამაზე არ გაჩერდნენ.

პირადად მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვისურვებდი, არ შიმშილობდეს და არ იყოს ციხეში. ვიცი, რამდენი რამ დატოვა კიევში, სადაც მას ჰქონდა კომფორტული ცხოვრება, მშვენიერი თანამდებობა, სახლი, მაგრამ ის ჩამოვიდა აქ ქართველი ხალხისთვის, რადგან ის ძალიან უყვარს.

ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციხიდან გამოვიდეს და ყველაფერი გავაკეთოთ მისი გათავისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთეელობის მდგომარეობა უნდა იყოს კარგი და ამისთვის ის უნდა იყოს თავისუფალი, უნდა გაკეთდეს ისე, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა. ამ ეტაპზე, ის, სამწუხაროდ, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, რადგან ეს მისი ბრძოლაა. ის ფიქრობს, რომ ასეთი საშუალება აქვს უდანაშაულობის საჩვენებლად. გუშინდელმა დღემ, იმის დანახვამ, რომ ქართველ ხალხს აქვს იმედი, მას მისცა ძალიან დიდი ძალა და კარგი განწყობა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ხალხზე“, – განაცხადა ლიზა იასკომ.

გუშინ, 14 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 8 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-15 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]