weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საჭიროა ყოველდღიური აქციები, გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი – სააკაშვილი

18:39 პარასკევი, 15 ოქტომბერი 2021
ფოტო: REUTERS/Irakli Gedenidze ფოტო: REUTERS/Irakli Gedenidze

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მხარდამჭერებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს. წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მასთან შეხვედრის შემდეგ წაიკითხა, სააკშვილი წერს, რომ მის გასათავისუფლებლად საჭიროა ყოველდღიური აქციები. ის ემიგრანტებსაც მიმართავს და სთხოვს, თვის ბოლოს საქართველოში დაბრუნდნენ.

მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ აქციას ეხმაურება და წერს, რომ „ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მისცა და ფრთები შეასხა“.

​„რა თქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა.

ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენს დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი.

ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად, ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის.

გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები. ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული.

მინდა მივმართო ემიგრანტებს: თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი. ვიცი, გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მორიგ წერილში.

გუშინ, 14 ოქტომბერს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 8 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-15 დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]