weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ჯალათი ციხეში!“ – რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა

15:50 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021

რუსთავში, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და პატიმრობაში უნდა დარჩეს. 

2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ხელისუფლებას მიმართა, „თავი დაანებოს ლოიალობას და ისე მოექცეს დამნაშავეს, როგორც ეკუთვნის კანონის მიხედვით“.

„ნუ აძლევთ უფლებას, რომ კიდევ არიონ აქაურობა. აღარ შეგვიძლია, ძალიან დავიღალეთ. ამდენი ხანია ჯოჯოხეთს ვუძლებთ. ჯერ იყო მაგათი ჯოჯოხეთი გამოვიარე - 9-წლიანი რეჟიმი, ახლა მუდმივად ამათთან ჭიდილში ვართ. ქვეყანა წინ ვერ მიდის, ვერ ვითარდება. ახალი თაობები მოდის და ამას უყურებს. ამ მუდმივ ჭიდილში როგორ შეიძლება ცხოვრება?! აკრძალეთ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია, აღარასოდეს მიეცეთ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

აქციაზე რამდენჯერმე გამოვიდა სიტყვით კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, 2004 წელს დაკავებული სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სულხან მოლაშვილი ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. ის ციხიდან 2008 წელს გამოვიდა, 2016 წელს კი გარდაიცვალა. თორნიკე მოლაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არ დაუშვებენ.

„6 წელი კი არა, სამუდამო პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს. მან თავისუფლება არ უნდა იხილოს. ეს ის ადამიანი არ არის, ვინც თავისუფლების ღირსია. სამუდამო პატიმრობა უნდა მოვითხოვოთ. თუ საჭირო იქნება, ხელიც მოვაწეროთ პეტიციას. პირველ რიგში, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისე აიკრძალოს, როგორც ტერორისტული და ფაშისტური“, – თქვა მოლაშვილმა.

აქციაზე ასევე გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დრის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული გენერალი ტრისტან წითელაშვილი, მსახიობი გიორგი გურგურია, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია და მოძრაობა „წინსვლის“ დამფუძნებელი შაკო კუჭაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 8 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაბრუნდა, თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მე-16 დღეა შიმშილობს.

„ერთინმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 14 ოქტომბერს, თბილისში, მასშტაბური აქცია გამართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]