weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახალქალაქში საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მოკვლით დაემუქრნენ – ცესკო

13:00 კვირა, 03 სექტემბერი 2017

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი სამველ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, რომელიც გამგებლის რწმუნებულია, სიცოცხლის მოსპობით, ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და სახლის დაწვით დაემუქრნენ. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე კომისიის პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ აღნიშნული მუქარა 2 სექტემბერს განხორციელდა და როგორც ჰასმიკ მარანგოზიანმა ცესკოს აცნობა, ამ პირების მხრიდან მსგავსი მუქარა პირველი არ არის.

„გუშინვე, სამველ პეტროსიანმა, ქუჩაში მიმავალ, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, პაატა ფანჯიკიძეს, მოპირდაპირე მხრიდან გაუჩერა მანქანა და მოსთხოვა ახსნა-განმარტებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფაქტები შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, მოწოდებული ინფორმაცია შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას“, – განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ.

კითხვაზე, რა გახდა მუქარის მიზეზი, ანა მიქელაძემ განმარტა: „რამდენიმე დღის წინ, საოლქო – საარჩევნო კომისიაში იღებდნენ განაცხადებს საუბნო–საარჩევნო კომისიების წევრთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. საოლქო კომისიაში მისული იყო სავარაუდოდ პეტროსიანის წარმომადგენელი, რომელიც ითხოვდა რამდენიმე პირის განცხადების რეგისტრაციას. მას განუმარტეს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს თავად უნდა წარედგინა განცხადება, რასაც მოჰყვა შელაპარაკება. გამოძახებულ იქნა პოლიცია. მუქარა ამის შემდეგ დაიწყო“.

ცესკოს განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ამ სახის ჩარევა უკვე საშიში ტენდენციის სახეს იღებს, რაც მოითხოვს ყველა ჩართული მხარის დროულ რეაგირებას და  მაქსიმალურ ძალისხმევას ძალადობრივი ქმედებების პრევენციისთვის. 

„რეგინფო“ ახალქალაქის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

სამველ პეტროსიანთან და მის შვილთან დაკავშირება ამ დროსთვის ვერ მოვახერხეთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]