weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, რატომ ბედავენ ამდენს? – ღარიბაშვილი ევროდეპუტატებზე

23:10 ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი 2021

„არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმ ევროპარლამენტარებს, ვინც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მის საქმეს განიხილავს.

როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ევროპარლამენტში 700 დეპუტატია და საქართველოს ხელისუფლება „ვერც ფოტიგას ჭკუით ივლის და ვერც კუბილიუსის“.

„ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. ეს გაითვალისწინოს ყველამ.

მე მინდა ასევე შევახსენო, თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, პირადი მეგობრობა, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუქსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე - ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო მთელს ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს, ეს ადამიანი, მაშინ მთელი ეს პერიოდი როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა, უბედურება, წამება ციხეებში, ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის. რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა? რატომ ბედავენ ამდენს? ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შექმნან განცდა, თითქოს ზედმეტი ყურადღებაა ევროპარლამენტიდან თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებით ხუთმა ევროპარლამენტარმა – ანდრიუს კუბილიუსმა, რასა იუკნევიჩიენემ, რიჰო ტერასმა, მირიამ ლექსმანმა და სანდრა კალნიტემ 19 ოქტომბერს განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს მანამ, ვიდრე მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება. მათი შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, აჩენს კითხვებს დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ.

მანამდე, იგივე პოზიცია დააფიქსირეს ერთობლივ განცხადებაში 70-ე მეტმა ევროპარლამენტარმა, ქართველმა და ევროპელმა პოლიტიკოსმა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]