weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო

19:34 ხუთშაბათი, 21 ოქტომბერი 2021
ფოტოზე - რუსი ჯარისკაცები რუსეთის დროშით ცხინვალში, 2008 წლის 11 აგვისტო / ფოტო © ANDREI SMIRNOV ფოტოზე - რუსი ჯარისკაცები რუსეთის დროშით ცხინვალში, 2008 წლის 11 აგვისტო / ფოტო © ANDREI SMIRNOV

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირების საჩივრები დაუშვებლად ცნო. საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – სასამართლოს განჩინებები დღეს გამოქვეყნდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგვაძის განცხადებით, ცხინვალში მცხოვრები რამდენიმე პირი ამტკიცებდა, თითქოს, ქართულმა მხარემ მათი უფლებები დაარღვია.

„სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს.

აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დაარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ დიდ წარმატებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში.

„ეს განჩინებები კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ბრძოლა დეოკუპაციისა და სამართლიანობისათვის გრძელდება მშვიდობიანი და სამართლიანი მეთოდებით და დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ ვიქნებით ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ძალიან წარმატებულნი. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგვაძემ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2008-2009 წლებში, რუსეთის კოორდინაციით, ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეიტანეს 3300-ზე მეტი საჩივარი, თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]