weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

12:50 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰიტლერს ადარებს. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბებში სააკაშვილმა იგივე გააკეთა, რაც ჰიტლერმა.

„შედარება მინდა გავაკეთო - ერთი მხრივ, რამდენად პარადოქსულია და აბსოლუტურად არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ გამოდის „ფეიკი“ ჰიტლერი. რატომ? – როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანაც დაიწყო შიმშილობა, ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში.

რა მინდა ვთქვა კიდევ, რომ ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოეთხოვა კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნება და ხალხს, მსოფლიოს რომ დაეჯერებინა.

ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა: ამ კაცმა დაანგრია ქვეყანა, გადაუარა ქვეყანას, აწამა, ტანჯა, დახოცა პირდაპირ ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ომი წააგო და ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ ქვების გროვა უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. როგორ შეიძლება დღეს ნებისმიერი მოქალაქე... მაჩვენეთ, მაშინ, ვინ აძლევს ამ ადამიანს ხმას. ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილისთვის ხმის მიცემა დანაშაული და დანაშაულში თანამონაწილეობაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს. 20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. ის აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]